ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის "თრიალეთის თასის" მეორე დღე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. თბილისის ყინულის სასახლეში წარმატებული გამოსვლა ჰქონდა სპორტულ ცეკვებში დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილს, ასევე საუკეთესო იყო ვაჟთა ერთეულებში ნიკა ეგაძე. მედლისკენ ნაბიჯი გადადგა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმაც.
სპორტულ ცეკვებში დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 123.04 ქულიანი შეფასება მიიღო და 15 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ერთი დღით ადრე ასევე საუკეთესო შედეგი ჰქონდათ მოკლე პროგრამაში (80.35), ასე რომ, ორივე პროგრამის ჯამშიც (203.39) პირველები გახდნენ და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდნენ.
მოკლე პროგრამაში პირველობის შემდეგ (89.60), ნიკა ეგაძემ თავისუფალშიც შესანიშნავად იასპარეზა. მსაჯებისგან 171.42-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და პირველი საფეხური დაიკავა. ასევე პირველი იყო ორივე პროგრამის შედეგად დაგროვილი 261.02 ქულით.
მოკლე პროგრამაში 77.13 ქულა გამოიმუშავა და მედლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა.
ქართული წყვილი კვარცხლბეკზე ასვლას 11 ოქტომბერს, თავისუფალ პროგრამაში შეეცდება. ამავე დღეს ქალთა ერთეულებში ოქროს მედლის მოპოვებას ეცდება ანასტასია გუბანოვაც.
GEONOC.ORG.GE