ესპანურმა Marca-მ სტატია გამოაქვეყნა გიორგი დემეტრაძის შესახებ, რომელიც „სოსიედადში“ ქართველი თავდამსხმელის პერიოდს ეხება.
სწორედ დემეტრაძე იყო პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა და ასევე, პირველი, ვინც გოლი გაიტანა. ესპანური გაზეთი იხსენებს, რომ მაშინ „სოსიედადის“ პრეზიდენტი დემეტრაძეს ახალ შევჩენკოს უწოდებდა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
„გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგაში ბოლო ქართველი ფეხბურთელია. „ვილიარეალის“ თავდამსხმელი თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. ორივე მაშინ დაიბადა, როცა საქართველო უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ეს არ ეხება ესპანეთის ლა ლიგაში პირველ ქართველ ფეხბურთელს. 2000 წლის ზამთარში „სოსიედადი“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იყო. ხუთი თამაში ვერ მოეგო, საიდანაც 4 წააგო. გუნდის მწვრთნელი პერიკო ალონსო წვრთნიდა. „ძალა აღარ მაქვს“, - თქვა ჩაბი ალონსონს მამამ, თვითონ ჩაბის კი, იმ სეზონში, 18 წლის ასაკში ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. დეკემბერში პერიკო ალონსო ჯონ ტოშაკმა შეცვალა.
განგაშის ზარებისა და ლიგიდან გავარდნის რისკის ზრდის ფონზე „სოსიედადის“ ხელმძღვანელობამ მოქმედება დაიწყო. გუნდს ყველა რგოლში ყველაფერი აკლდა. შეტევის გასაძლიერებლად აირჩიეს გიორგი დემეტრაძე, კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი.
ის 21 დეკემბერს წარადგინეს, როგორც ახალი შევჩენკო. ეს განცხადება „სოსიედადის“ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლუის ურანგამ გააკეთა. რეალობა კი ის იყო, რომ დემეტრაძე „დინამოში“ 1999 წელს მივიდა, ზუსტად მაშინ, როდესაც შევჩენკო „მილანმა“ დაიმატა. ის კიევში „ფეიენოორდიდან“ გადავიდა.
დემეტრაძის სანაცვლოდ, რომელმაც წინა სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „დინამოს“ შემადგენლობაში ითამაშა, „სოსიედადმა“ დაახლოებით 800 მილიონი პესეტა გადაიხადა. ეს დიდი თანხა იყო ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელსაც შევჩენკოსთან საერთო არაფერი ჰქონდა. კიევში საქმეები ისე კარგად არ წარიმართა, როგორც მას იმედი ჰქონდა და ვალერი ლობანოვკის ქართველის წასვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ წამოუჭრია.
7 იანვარს, „სელტას“ წინააღმდეგ დემეტრაძეს „სოსიედადში“ დებიუტი ჰქონდა. ის მოედანზე 55-ე წუთზე დე პაულას ნაცვლად შევიდა და 22 წუთის შემდეგ გასახდელში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ტოშაკმა შეცვალა. ცუდი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. 19 იანვარს მას მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს და მაისამდე ვეღარ თამაშობდა.
მომდევნო სეზონში სიტუაცია არ გამოსწორებულა. ტოშაკს არასდროს სჯეროდა ქართველის და 2002 წლის 25 იანვარს ის იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაუშვეს. „სოსიედადი“ კვლავ ბოლო ადგილზე იყო, მარტში ტოშაკი გაუშვეს და გუნდის მწვრთნელად ოლაბე დაინიშნა. „სოსიედადი“ გადარჩა და გუნდში რეინოლდ დენუე მივიდა. გუნდი, რომელიც ორი სეზონის განმავლობაში გავარდნის პირას იყო, 2002-2003 წლების სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე, ისინი ბოლოსწინა ტურში „ბალაიდოსზე“ „სელტასთან“ დამარცხდნენ. დემეტრაძე კი ზედიზედ სამი იჯარით გადავიდა „ლოკომოტივში“, „ალანიასა“ და დონეცკის „მეტალურგში“.
2003 წლის ივნისში ის „სოსიედადში“ ერთი მიზნით დაბრუნდა: „გამიხარდება თუ წინასასეზონო შეკრებას გავივლი და „სოსიედადში“ დარჩენას შევძლებ“. ეს სცენარი ერთ დროს განიხილებოდა კიდეც, რადგან ქართველ ფეხბურთელზე კლუბს შეთავაზებები არ ჰქონდა. თუმცა, დენუეს გეგმებში არ შედიოდა და 2003 წლის 5 აგვისტოს, „მეტალურგში“ გაყიდეს. მან „სოსიედადში“ მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა „სევილიას“ წინააღმდეგ. დემეტრაძე დონეცკში დასახლდა, სადაც 2007 წლამდე თამაშობდა და 2004 წელს „მეტალურგში“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა“, - წერს Marca.