ფეხბურთი

2:01 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დე ლა ფუენტე: "კიდევ უფრო უკეთესები უნდა ვიყოთ"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„ეს ფეხბურთის რეალობაა. საერთაშორისო დონეზე გოლების გატანა ძალიან რთულია. შეგვეძლო უფრო დიდი სხვაობით მოგება, მაგრამ მეტოქე თავს მამაცურად იცავდა და შესანიშნავი მეკარე ჰყავთ. გოლების გასატანად ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გააკეთო. შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოგება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ. ჩვენი აკადემიები შესანიშნავად მუშაობენ და ეს სიამაყის წყაროა. გამიმართლა, რომ შესანიშნავ გუნდს ვწვრთნი, მხოლოდ ბედნიერები უნდა ვიყოთ.

თითოეული ფეხბურთელი განსხვავებულია. არ ვნერვიულობ სხვა ტიპის თავდამსხელებთან თამაშით, როდესაც ლამინი და ნიკო არ არიან, რადგან გუნდის იდენტობა ძალიან მკაფიოა. ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი გვყავს, ისინი გარანტიას გვაძლევენ იმ ხარისხზე, რასაც გუნდისგან ვითხოვთ.

ეს განსხვავებული ხასიათის გუნდია, აქ უბრალოდ თანაგუნდელები არ არიან, არამედ ბევრად მეტი, ისინი მეგობრები არიან. არ ვფიქრობ, რომ ცუდი იდეა იყო ოიარსაბალისგან ფერანისთვის პენალტის დათმობა, ეს ჟესტი აჩვენებს, რომ ეს ერთი ოჯახია. ვინც საუკეთესო ფორმაშია, ის ასრულებს პენალტს, ეს პრობლემა არაა.

პედრი? ადვილია საუბარი წუთების განაწილებაზე. ფეხბურთი სარისკო სპორტია, რადგან ტრავმები სპორტის განუყოფელი ნაწილია. ვფიქრობ, მან ძალიან კარგად ითამაშა. სიახლეა, როცა ის რაღაცას არასწორად აკეთებს, რადგან თითქმის ყველაფერს სწორად აკეთებს - გამორჩეული, შესანიშნავი ფეხბურთელია.

„ჩვენ ყოველთვის ძალიან მსგავსი სტილით ვთამაშობთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. დღეს ხესუსი და ხორხე არ თამაშობდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც მოედანზე რომ გამოსულიყვნენ, იგივეს გააკეთებდნენ“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.

სოფო ერქვანია ესპანეთიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090141