ფეხბურთი

1:40 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "აგრესია და საბრძოლო სულისკვეთება არ გვქონდა, ეს გამოსასწორებელია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (0:2) შემდეგ ისაუბრა.

„რთულია რაიმე პოზიტიურზე საუბარი, იღბლიანები ვართ, რომ უფრო დიდი სხვაობით არ წავაგეთ. მაგრამ საქმე მხოლოდ ხარისხში არ არის: მოედანზე ისეთი განწყობა დავინახე, რაც აქამდე არ მენახა და ეს არ მომეწონა. შემდეგი თამაში ვიცით, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ თურქეთში წავალთ იმავე განწყობით, იმავე მონდომებით ან იმავე აგრესიით, რაც დღეს გვქონდა, მაშინ საერთოდ არ გვექნება შანსი. ამისთვის თურქეთში წასვლა არც ღირს. თუმცა, ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და რამდენიმე დღეში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ბევრს ვისაუბრებთ ფეხბურთელებთან, ჩემი მხრიდან დიდი მოლოდინი მაქვს ჩემი მოთამაშეების მიმართ. ეს სრულიად სხვა რამ იქნება, სულ სხვა თამაში, ვიდრე დღეს იყო. აქ ტაქტიკას არაფერი აქვს საერთო, რაღაც მომენტში უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხარისხი, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად გვაქვს. ნამდვილად გვაქვს. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, დღეს საბრძოლო სულისკვეთება არ იყო სწორი, ამიტომ არ გვქონდა შანსი.

ესპანეთი სხვა პლანეტაზეა. შეგვიძლია მაქსიმალურად ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც ესპანეთი ისე თამაშობს, როგორც იცის, უშანსოდ ხარ. ისინი სხვა ფეხბურთს თამაშობენ, ძალიან მაღალ დონეზე.

ასეთია თანამედროვე ფეხბურთი: დრო არ გაქვს. არასდროს გაქვს დრო, უნდა ითამაშო, ითამაშო და ითამაშო. თუმცა ამას ფეხბურთელები მიჩვეულები არიან და როგორც ვთქვი, ვეცდებით, მაქსიმალურად აღვიდგინოთ ძალები. გამიმართლა, რადგან ვმუშაობ ისეთ გარემოში, სადაც დიდ ძალისხმევას იჩენენ, რომ ყოველთვის საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ მატჩებს შორის. ასე იქნება თურქეთშიც და ვფიქრობ, ეს ძალისხმევა დადებითად აისახება მომდევნო მატჩზე.

ესპანეთის ნაკრებზე შეგვიძლია მთელი ღამე ვისაუბროთ. რასაც მოედანზე ვხედავთ, ეს მხოლოდ იმ ყველაფრის შედეგია, რაც ფედერაციამ და ზოგადად ესპანურმა ფეხბურთმა გააკეთა ბოლო 25 წლის განმავლობაში. გახსოვთ ესპანეთი 80-იან ან 90-იან წლებში: ყოველთვის ეს იყო გუნდი, რომელიც კარგად თამაშობდა, მაგრამ ძალა ან სისწრაფე აკლდა. მათ ეს გააცნობიერეს და დაიწყეს ასეთი ტიპის ფეხბურთელების აღზრდა - ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელების. მაგალითად, შეგიძლიათ შეხედოთ პედრის. პედრი 5 კილოგრამზე ოდნავ მეტია, ქარმა რომ დაუბეროს, შეიძლება აფრინდეს კიდეც (იღიმის), მაგრამ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. იმიტომ, რომ ჭკვიანია და იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის გუნდურად თამაშობენ. მთავარი არაა ცალკეული მოთამაშე, მთავარი ისაა, როგორ ითამაშო ისე, რომ მთელ გუნდს გაუადვილო ცხოვრება. ჩემი აზრით, ეს საოცარია, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ესპანური ფეხბურთი მთლიანად ასე მუშაობს. სწორედ ამიტომ ჰყავთ ამდენი კარგი ფეხბურთელი. დღეს 6 ან 7 ფეხბურთელი აკლდათ, მაგრამ ხომ ნახეთ, განსხვავება ვერ დაინახეთ. ვფიქრობ, დღეს, თანამედროვე ეპოქაში, პორტუგალიაც მსგავს გზაზეა, ისინი უკვე მზად არიან იმ გზისთვის, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანამ მაგალითად უნდა გამოიყენოს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.

სოფო ერქვანია ესპანეთიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091162