საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, თურქეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადონ და იმედი აქვს, რომ უკეთ ითამაშებენ:
„ძალიან რთული თამაში იყო, რასაც ველოდებოდით. ფეხბურთელები აკლდათ და ალბათ, ხალხი უფრო მარტივ თამაშს ელოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არაა - ესპანეთის ნაკრებს ისეთი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომ საერთოდ არაფერი დააკლდათ. სამწუხაროდ, ვერ ვაჩვენეთ ის, რაც გვინდოდა და დავმარცხდით. ყველანაირად გვაჯობეს, მაგრამ ესპანეთი ის ნაკრებია, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს და გამონაკლისი ჩვენც არ ვართ. სამ დღეში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, უნდა მოვემზადოთ თითოეული ფეხბურთელი, მაქსიმალურად უნდა აღვიდგინოთ ძალები და გავიდეთ მოედანზე საომრად, საჩხუბრად, სათამაშოდ და სამი ქულა მოვიპოვოთ. იმედი მაქვს, სულ სხვანაირ საქართველოს ვიხილავთ მოედანზე. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია“, - თქვა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.
სოფო ერქვანია ესპანეთიდან