საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან რთული თამაში იყო, ძალიან. ერთი გუნდის ფეხბურთი იყო, სულ დაცვაში ვიყავით, მომენტი არ გვქონია. კარგი ისაა, რომ თურქეთთან შედარებით მცირე სხვაობით დავმარცხდით, თანაც სტუმრად. დადებითია, რომ დაგვრჩა თურქეთთან თამაში, ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა და მოედანზე მომზადებული უნდა გავიდეთ, პირველივე წუთიდან ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ყველანაირად მოვახდენთ კონცენტრაციას, ვეცდებით, რომ ბევრად უკეთესი საქართველო ვიხილოთ და საუკეთესო თამაში უნდა ვითამაშოთ“, - თქვა გოგლიჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.
სოფო ერქვანია ესპანეთიდან









