საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, არ გამოუვიდათ ის, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და მთელი თამაში უშანსოდ იყვნენ:
„მთელი თამაში უშანსოდ ვიყავით. დასანანია, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ ვიცოდით, რომ მსგავსი სტილის თამაში იქნებოდა. თუმცა გვქონდა დაგეგმილი, რომ კონტრშეტევები და სწრაფი გადასვლები გვქონოდა, რომ მეტოქე შეგვეწუხებინა, რაც ვერ შევძელით, რადგან ბურთს ძალიან მაგრად კონტროლებდნენ, არასწორ გადაწყვეტილებას ფაქტობრივად არ იღებდნენ. ვცდილობდით, მათთვის სივრცეები შეგვეზღუდა, გარკვეულწილად ვახერხებდით, მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა, კონტრშეტევაზე გადასვლა უფრო რთულდებოდა. შეიძლებოდა, უფრო დიდი ანგარიშით წაგვეგო, მამარდაშვილმა რამდენიმე რთული დაერტყმა მოიგერია და ბურთების შეფარდება მნიშვნელოვენია. მომდევნო მატჩი მალე გვაქვს, ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშია. განსხვავებულ თამაშს ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთი არ იქნება. ყველას იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მომზადებულები ვიქნებით“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.
სოფო ერქვანია ესპანეთიდან






