კალათბურთი

13:04 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის პირველი ტური | თსუ-ს, კსუ-ს და ივერიონის გამარჯვებები

გურჯაანში დაწყებული სუპერლიგის პირველი ტური დღეს თბილისში და გორში გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში 2 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან პირველი “რაშისა” და კსუ-ს დაპირისპირება გახლდათ. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილ “რაშს” დუდუ დადიანის ტურნირზე არ უთამაშია და შესაბამისად, მისი შემადგენლობა მაყურებელმა პირველად იხილა.

რაც შეეხება კსუ-ს, ბექა წივწივაძის გუნდი სუპრლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს კარგი ლეგიონერები და არანაკლებ კარგი ქართველი მოთამაშეები ჰყავს. კსუ-მ დუდუს მემორიალზე ნახევარფინალი თვალს და ხელს შუა წააგო და ეს კარგი გაკვეთილი იყო წივწივაძის გუნდისთვის, რომელიც ეცდება, რომ სუპერლიგაში მსგავსი წაბორძიკება აღარ დაუშვას. რაშის წინააღმდეგ კსუ სოლიდურად გამოიყურებოდა და ლიდერობას დასაწყისშივე რომ დაეპატრონა, ბოლომდე შეინარჩუნა.

რაში ცდილობდა თამაშის შემობრუნებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. რაშმა ღირსეულ ბრძოლაში წააგო, კავკასიამ კი დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 94:78 (სტატისტიკა). გამარჯვებულებს ნიმაია ბენსონა 21 ქულითა და 8 მოხსნით ულიდერა. 19 ქულა და 8 პასი ჯასტინ ფორესტმა მიითვალა. 18 ქულა და 7 მოხსნა ქსავიერ ბელის ანგარიშზე დაგროვდა. რაშის შემადგენლობაში 19 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით საუკეთეოს იყო ტრევონ ტომასი. 13 ქულა სერგი ნინუამ მიითვალა.

თბილისი არენაზე გამართული მეორე შეხვედრა თსუ-სა და ზესტაფონის მარგვეთს შორის გაიმართა. მატჩი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო – 94:86 (სტატისტიკა). მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ზესტაფონელებს დიდი დახმარება გაუწია კახა ჯინჭარაძემ, რომელიც საზღვარგარეთ წასასვლელადაა გამზადებული და მარგვეთში დროებით თამაშობს.

ჯინჭარაძის 25 ქულა და 9 პასი გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. თსუ-მ ბოლო წუთებზე უფრო მეტი მობილიზებით ითამაშა და გამარჯვებამდეც მივიდა. საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 18 ქულა დააგროვა ბექა ბექაურმა, 17 – გიორგი ტურძილაძემ.

დაბოლოს, ყველაზე დაძაბული მატჩი, რომელიც გორში გაიმართა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი ბოლო პერიოდამდე უგებდა ივერიონს, მაგრამ მასპინძლებმა დასკვნით ათწუთეულში მაინც თავისი გაიტანეს და 62:57 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. გორელებს 15 ქულითა და 7 მოხსნით ენდრიუ ლუისმა ულიდერა.

სუპერლიგის პირველი ტური კვირას, ზესტაფონში დასრულდება, სადაც “ქუთაისი” ტყიბულის “ორბს” უმასპინძლებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094379