სეზონის პირველ ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ ‘არესი’ დაძაბულ ბრძოლაში 13:6 დაამარცხა, მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
crocobet დიდი 10-ის V ტურის მეორე შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. კლიმატურმა პირობებმა, მოედნის საფარმა და დაძაბულობამ, გუნდებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა და მატჩის ერთადერთი ლელო საფრანგეთიდან მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა გამოცდილმა ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ გაიტანა.
80 წუთის განმავლობაში ორივე გუნდმა შეცდომები მრავლად დაუშვა. საწყის 20 წუთში ორივე გუნდის მგეზავს 40 მეტრიდან ჯარიმა გაუფუჭდა. ანგარიში 27-ე წუთზე ნომინალურმა მასპინძელმა ‘არესმა’ სანდრო ფურცხვანიძის ჯარიმით გახსნა. მერე რანი ფხალაძეს ჯარიმა ცენტრიდან გაუცუდდა და ტაიმის ბოლოს ‘აიამ’ ელგუჯა მახარეიშვილის ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ‘აიამ’ მეტოქის 22-ში მორკინალებით შეუტია, ყველა ჯერზე მოახერხა უპირატესობის ხაზის გადაკვეთა და ოთარ გიორგაძემ ძალისმიერი ლელო ძელებსშუა შეიტანა, რისი გარდასახვაც ელგუჯა მახარეიშვილს არ გაჭირვებია. 54-ე წუთამდე ფურცხვანიძემ და მახარეიშვილმა ჯარიმები გაცვალეს, დარჩენილმა დრომ კი უქულოდ ჩაიარა. უპირატესობის გაზრდის შანსი ‘აიას’ ორჯერ ქონდა, თუმცა ჯარიმიდან ქულების აღება ვერცერთხელ მოახერხა და თამაში 6:13 დასრულდა.
‘აიამ’ სეზონში მოპოვებული მეოთხე გამარჯვების შემდეგ 18 საცხრილო ქულა მოაგროვა. ნუგეშ-ქულა ერგო და ჯამში 18 გაუხდა ‘არესსაც’, თუმცა ის მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩება და მესამე ადგილზეა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთარ გიორგაძე გახდა.
RUGBY.GE