ვეტერანმა ესპანელმა მსაჯმა იტურალდე გონსალესმა ესპანეთი-საქართველოს მატჩის (2:0) შემდეგ ლიეტუველი არბიტრის, მანფრედას ლუკიანჩუკასის მუშაობა შეაფასა.
მან 33 წლის მსაჯის რამდენიმე შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, კუთხურზე, რომელსაც გოლი მოჰყვა:
„ჩემი აზრით, ეს აშკარა პენალტია. მან მარჯვენა მუხლით ფერან ტორესი წააქცია. VAR-ზე ნახვის შემდეგ, მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ფერანი ეძებდა კონტაქტს და გადახტა. კარგი, რადგან ეს ინტერპრეტაციის საკითხია, შემიძლია მსაჯის გადაწყვეტილებას დავეთანხმო, მაგრამ ჩემი კითხვა ასეთია: თუ ის ამას ფერანის მიერ სიმულაციად მიიჩნევს, რა არის მისთვის ყვითელი ბარათის არ მიცემის მიზეზი?
პირველი გოლი კუთხურიდან გავიდა, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო, რადგან ბურთი მოედნიდან გასვლამდე ბოლოს ფერანს შეეხო. რაც შეეხება პენალტს, რომელიც დაინიშნა: ჩემთვის ეს პენალტი არ არის, რადგან ფერანი ცდილობს მამარდაშვილთან შეხებას. ეს არის პენალტი, როდესაც შემთხვევების 80%-ში თავდამსხმელი მეკარესთან კონტაქტს ეძებს და ცდილობს. ვფიქრობ, პირველი უფრო პენალტია, ვიდრე ეს“, - თქვა იტურალდემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.






