თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ბულგარეთთან მოგების (6:1) შემდეგ ისაუბრა.
იტალიელი განსაკუთრებით კმაყოფილი იყო ასეთი სხვაობით გამარჯვებით, რადგან თქვა, რომ ბურთების ბალანსის გათანაბრება საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ:
„ცოტათი გახარებულები ვიყავით, როდესაც მეექვსე გოლი გავიტანეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ბულგარელი გულშემატკივრების შეურაცხყოფა არ იყო. უბრალოდ, ექვსი გოლის გატანა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს ნაკრებთან ბურთების სხვაობა გავათანაბრეთ, რომელსაც ჯგუფში ჩვენს მეტოქედ მივიჩნევთ. ვნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს შემდეგ მატჩში.
ამიერიდან, საქართველოსთან მატჩზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მთელი ენერგია ამ მატჩში დავხარჯოთ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენი ყველაზე დიდი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა, იქ მრავალი წელია ვერ გავდივართ. ამის გაკეთება პლეი-ოფით მოგვიწევს, მაგრამ ჩვენც ოცნებაზე უარს არ ვიტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მუნდიალზე გავიდეთ.
შემადგენლობაში ცვლილებები? დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რამდენად კარგი კონკურენციაა და რამდენად კარგადაა გუნდი დაკომპლექტებული. მომდევნო მატჩისთვის რამდენიმე ცვლილებას შევიტანთ. ყველამ დიდი ენერგია დახარჯა, ამიტომ დაღლილობა შესაძლებელია“, - თქვა მონტელამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.