თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა ირფან ჯან კაჰვეჯიმ შეკრება დატოვა და საქართველოსთან ვერ ითამაშებს. ინფორმაციას თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს.
30 წლის ფეხბურთელმა ბულგარეთთან მოგებულ მატჩში (6:1) გოლი გაიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, ტრავმაც მიიღო, რის გამოც „ფენერბაჰჩეს“ დაუბრუნდა, სადაც მკურნალობას გააგრძელებს. კაჰვეჯი თურქეთის ნაკრების გამოცდილი წევრია, რომლის რიგებში 44 შეხვედრაში 6 გოლი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს, თურქეთს - 6. შესაბამისად, იზმითში ვილი სანიოლის გუნდს აუცილებლად მოსაგები აქვს, რადგან სხვა შედეგი თურქეთს პრაქტიკულად მეორე ადგილს გაუნაღდებს.
თურქეთი - საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.









