ფეხბურთი

15:20 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "თავი მაღლა უნდა ავწიოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრეს.

გიორგი ქოჩორაშვილი: „ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში პირველია. ვეცადეთ, რომ იმ სათამაშო გეგმას მივყოლოდით, რაც თავიდანვე დასახული გვქონდა. ვეცადეთ, ეს ბოლომდე შეგვესრულებინა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ და ძალიან გაგვიჭირდა, როგორც ბურთით თამაში, ისე უბურთოდაც. თუმცა, ვეცდებით, მალე დავივიწყოთ, აღვიდგინოთ ძალები და ამ დაცემით ვისწავლოთ. უკვე უნდა ვფიქროთ იმ დაძაბულ თამაშზე, რომელიც თურქეთში გველოდება, დაგვჭირდება გულშემატკივრის დახმარება. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ბრძოლა გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით“.

გიორგი მამარდაშვილი: „თურქეთთან გასვლაზე თამაში საერთოდ სხვა რამეა, რადგან იქ განსხვავებულად უყვართ ფეხბურთი. ბევრი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და იქნება ატმოსფერო, რომელიც თურქეთს დაეხმარება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ რთული თამაშის შემდეგ ძალები აღვიდგინოთ, კარგად მოვემზადოთ და ვაჩვენოთ ჩვენი თამაში, რაც სამწუხაროდ, ესპანეთთან ვერ ვაჩვენეთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული. ჯგუფს ესპანეთი 9 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე თურქეთია 6 ქულით, შემდეგ საქართველო 3 ქულით და ბოლო საფეხურზე ბულგარეთი უქულოდაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს, სადაც შეცდომის უფლება აღარ ექნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086688