რაგბი

18:00 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 17:17 წიქარა

crocobet დიდი 10-ის 2025/26 წლების სეზონის 24-ე მატჩში პირველი ფრე დაფიქსირდა. გამარჯვებული სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ და თბილისის ‘წიქარამ’ ვერ გამოავლინეს - 17:17.

უშეღავათო მატჩი „ავჭალაზე“ გაიმართა. ‘ყაზბეგი’ ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგია და მეხუთე ტურის შემდეგ კვლავ ასეთად დარჩა. დებიუტანტმა ‘წიქარამ’ კი ბოლო ორი შეხვედრა მოიგო და წაუგებელი თამაშების სერია აგერ უკვე სამამდე გაზარდა.

შედეგად, ‘წიქარა’ 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა,‘ყაზბეგს’ კი 3 ქულა აქვს და მეათე პოზიციაზეა.

სტეფანწმინდელები მატჩის დებიუტში, პირველივე იერიშის შემდეგ დაწინაურდნენ. მათ მრავალფაზიანი შეტევა საკუთარი 22-ის ხაზიდან დაიწყეს, 80 მეტრი დაფარეს და ლელო გიორგი ხუროშვილმა გაიტანა, რასაც ლუკა სახელაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. თამაში რომ განახლდა გიგა გრიგალაშვილი სინბინით დაისაჯა და ‘წიქარამ’ მეტობა მე-10 წუთზე გამოიყენა. სოსო მათიაშვილი ორიგინალური გადაცემის შემდეგ, ჯიუტასა ნავეს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა იერიში გაგრძელდა და ის ნიკა ლავრელაშვილის ლელოთი დასრულდა. გიორგი ასათიანმა, რომელსაც მანამდე ჯარიმა გაუცუდდა, ვერც გარდასახვა გაიტანა.

მე-19 წუთზე ასათიანის ფეხით გადაკიდებული ბურთი მცველმა ვერ აიღო, ის ხელებში ლუკა ბურდულს ჩაუვარდა, რამდენიმე ფაზის შემდეგ მათიაშვილმა გრძელი გადაცემით კლავდიუს ხუციშვილი მოძებნა და მან ალამთან გატანილი ლელოთი ‘წიქარა’ დააწინაურა. გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო და ‘ყაზბეგმა’ ლიდერობა 24-ე წუთზე დაიბრუნა. სტეფანწმინდელების მძლავრი მოლი ლელოთი ლევან გომიაშვილმა დაასრულა, სახელაშვილი კი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო.

‘წიქარა’ ვალდებული იყო 35-ე წუთზე მესამე ლელო გაეტანა, როდესაც ასათიანმა შებრუნებული პასის შემდეგ მეტოქის 22-ში დაახლოებით 20 მეტრი ირბინა, მაგრამ ბურთის დამიწების მომენტში მოეშვა და ლუკა ალიბეგაშვილის კონტაქტის შემდეგ ოვალზე კონტროლი დაკარგა. ტაიმის მიწურულს სახელაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ‘ყაზბეგმა’ პირველი ტაიმი 17:10 მოიგო.

მეორე ტაიმის შუაში ხუციშვილმა ცენტრის სიახლოვეს გადაცემა ჩაჭრა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და თითქოს ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ალიბეგაშვილმა და გიორგი ხუროშვილმა ბურდულზე ბოჭვა ბოლო წამს შეასრულეს და ის გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს. მაგრამ ‘ყაზბეგი’ მალევე ფეხით თამაშისას შეცდა, ამჯერად ბურთი ხუციშვილზე ჩათამაშდა, ის ფრთაზე სამ მბოჭავს გაექცა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. ასათიანის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო და ანგარიში გათანაბრდა - 17:17.

‘ყაზბეგს’ მალევე შეეძლო ლიდერობის დაბრუნება, თუმცა ორჯერ ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და უქულოდ დარჩა. ცდა არც ‘წიქარას’ დაუკლია, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და დიდ 10-ში პირველი ფრე დაფიქსირდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კლავდიუს ხუციშვილი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092195