ფეხბურთი

18:40 | 12.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი წარსულზე, "იუვენტუსზე", "რეალზე", ფეხბურთში დაბრუნებაზე...

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა Gazzetta Dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გაიხსენა თავისი წარსული და დააანონსა, რომ სამწვრთნელო კარიერას აუცილებლად დაუბრუნდება.

„როგორც ყველა ბავშვს, მეც ფეხბურთი ქუჩაში შემიყარდა. მარსელის ქომაგი ვიყავი, ოთახში ფეხბურთელების პოსტერები მქონდა, მაგალითად, პლატინის, ამოროს. ჩემი მშობლები ალჟირიდან არიან და საფრანგეთში სამუშაოდ გადავიდნენ. ვფიქრობ, რომ წარსულთან შედარებით, დღეს ფეხბურთს რაღაც აკლია. როდესაც თამაშებს ვუყურებ, მინდა, უფრო შემტევი ფეხბურთსი ყურება. ძველი ფეხბურთი ცოტათი ნამდვილად მენატრება.

„იუვენტუსში“ ულამაზესი წლები გავატარე. საფრანგეთიდან გადმოვედი, სადაც ფეხბურთი ლამაზი იყო, მაგრამ განსხვავებული, არა ისეთი, როგორიც „იუვეში“. ტურინში ვისწავლე, რომ მხოლოდ გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი, გამარჯვება ყველგან, შინაც და სტუმრადაც, საფრანგეთში სტუმრად წაგება დასაშვები იყო, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ჯანი ანიელისგან ბევრი რამ მახსოვს. ყველაზე მეტად ის, რომ როდესაც კარგად ვითამაშებდი, დილის 6 საათზე მირეკავდა და მაქებდა. ის ნამდვილი სინიორი იყო, ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანი.

დელ პიერო ძალიან მაგარი იყო, იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო. მასთან 4-5 წლის განმავლობაში თამაშის ბედნიერება მქონდა, მაგრამ ასევე სხვებთანაც, იუვეში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო. ნამდვილად ბრწყინვალე გუნდი გვყავდა, თუმცა, დელ პიეროს რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია. როდესაც მე იუვეში ვთამაშობდი, ორჯერ წავაგე ფინალი, არ ვიცი, რატომ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბევრი რამაა საჭირო“.

კარიერის დასრულება მინდოდა, რადგან აღარ მომწონდა გასვლით მატჩებზე სიარული, სასტუმროებში ყოფნა, ყველაფერი, რაც საგარეო მატჩებს ახლავს. როდესაც 20 წლის ხარ, ეს კარგია, მაგრამ როდესაც 30 წლის ხარ, შვილები გყავს, აღარ. თუმცა, თამაში კიდევ შემეძლო, 2-3 წლის განმავლობაში.

როდესაც კარიერა დავასრულე ჩემი ცხოვრება შეიცვალა. 3 წლის შემდეგ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ბევრი რამ გავაკეთე, სანამ სამწვრთნელო კურსებზე მომზადებას დავიწყებდი. საუკეთესო მწვრთნელები მყავდა, ყველასგან რაღაც ვისწავლე, მაგრამ ყველაზე მეტი მარჩელო ლიპისგან. ის ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან როდესაც იტალიაში ჩამოვედი, ჩემთვის რთული იყო, მაკრიტიკებდნენ, რადგან კარგად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ ლიპის ჩემი ყოველთვის სჯეროდა, მეუბნებოდა, რომ ყოველთვის ვითამაშებდი. ანჩელოტიმაც დიდი როლი ითამაშა, ის ჯერ ჩემი მწვრთნელი იყო, შემდეგ მასთან ვმუშაობდი, როგორც ასისტენტი. ის ჩემი უფროსი მეგობარია. კარლო შესანიშნავი მწვრთნელია იმიტომ, რომ ფეხბურთელებს ყოველთვის უსმენს.

მწვრთნელს ფეხბურთი უნდა უყვარდეს, ძალიან. მხოლოდ ისინი არ არიან კარგი მწვრთნელები, რომლებიც იგებენ, შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ კარგი მწვრთნელი იყო. ჩემი აზრით, მთავარია, ფეხბურთელებს რაღაც გადასცე. როდესაც ფეხბურთით გატაცებული ხარ, ფეხბურთელებისთვის რაღაცის გადაცემა შეგიძლია.

ვიცი, რომ „იუვეს“ ფანებს სურთ ჩემი დაბრუნება... არ ვიცი, ეს რატომ არ მოხდა. „იუვე“ ყოველთვის ჩემს გულშია, რადგან ბევრი რამ მომცა. მომავალში არ ვიცი, რა მოხდება, თუმცა, ერთი მიზანი მაქვს, რომ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ვიყო. სამწვრთნელო კარიერას ნამდვილად დავუბრუნდები, ვნახოთ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ბრაზილიელი რონალდოა. რასაც ფენომენო აკეთებდა, წარმოუდგენელი იყო.

რონალდუ თუ მოდრიჩი? ორივეს ავირჩევდი, რადგან ორივე მომწონდა. ასევე, კროოსი, ბენზემა. მე საოცარი ფეხბურთელები მყავდა. როდესაც მათ ვარჯიშებზე ხედავ, 5 მეტრში, საოცარია. ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, როდრიგო, ვარჯიშებზე, საათნახევრის განმავლობაში ბურთს არასდროს კარგავდნენ, ეს შთამბეჭდავია. კრიშტიანუ ბურთს ზოგჯერ კარგავდა, მაგრამ შთამბეჭდავი გოლები გაჰქონდა“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი 2021 წლის შემდეგ, როდესაც „რეალი“ დატოვა, უმუშევარია. სავარაუდოდ, ის 2026 წლის მუნდიალის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება, რომელსაც დიდიე დეშამი დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096745