თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა ბერკე ოზერმა გუნდის შეკრება დატოვა. ინფორმაციას ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ბულგარეთთან მატჩის განაცხადაში ოზერი ვერ მოხვდა, რის გამოც ის გაბრაზდა, ხოლო სტამბოლში დაბრუნების შემდეგ დემონსტრაციულად გუნდი დატოვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს მიუღებელი საქციელია, რადგან თურქეთის ნაკრებში მთავარი ერთიანობაა და გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის.
ვინჩენცო მონტელამ ოზერის ნაცვლად „ბაშაკშეჰირის“ მეკარე მუჰამედ შენგეზერი გამოიძახა. ბერკე ოზერი თურქეთის ნაკრებში (2 მატჩი) მეოთხე მეკარედ მიიჩნევა უგურჯან ჩაკირის, ალტაი ბაინდირისა და მერტ გიუნოკის შემდეგ და როგორც ჩანს, ამ როლით უკმაყოფილოა.
25 წლის ბერკე ოზერმა მიმდინარე სეზონში „ლილის“ რიგებში 8 მატჩი ჩაატარა, ყველაზე გამორჩეული ევროპა ლიგაზე „რომასთან“, როდესაც ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.