მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალექს ბაენამ დაიცვა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე, „ბარსელონას“ გარემარბის ლამინ იამალის ტრავმასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. კატალონიური კლუბის ფეხბურთელი ოქტომბრის საერთაშორისო მატჩებში საზარდულის არეში დისკომფორტის გამო არ ითამაშებს (საქართველოსთან მატჩი შაბათს უკვე გამოტოვა).
„იამალის გარშემო ძალიან ბევრი აჟიოტაჟია, რადგან ის „ბარსელონადანაა“. სხვა კლუბიდან რომ ყოფილიყო, ამდენი საუბარი არ იქნებოდა“, - ციტირებს ბაენას სიტყვებს Sport.es.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ეროვნული ნაკრების მატჩების შემდეგ, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ „ფურია როხას“ ფეხბურთელები არ ადარდებთ. გერმანელი მწვრთნელი უკმაყოფილო გახლდათ, რომ მაშინ იამალი ეროვნული ნაკრების თამაშებში ჩაერთო დისკომფორტის მიუხედავად.









