ბლოგი

9:33 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ ამერიკა ისეთი, როგორიც ნამდვილად არის

ფეხბურთი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ამ კონტინენტზე არ შექმნილა და აქ არც საფეხბურთო წესები გამოგონილა. სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთი არის ყველგან და ყველაფერში და როდესაც ამ ფენომენს კიდევ უფრო ახლოდან დააკვირდები, იმასაც აღმოაჩენ, რომ დღეს არსებული რეალობა ჩვენი წარმოდგენებისგან ძალიან განსხვავდება, რადგან დროის ცვალებადობასთან ერთად იცვლება მიდგომები და დამოკიდებულებები, ტრადიციები და შეხედულებები.

ისე მოხდა, რომ 2025 წლის თებერვალში სამხრეთ ამერიკის სამი ქვეყანა - ბრაზილია, არგენტინა და ურუგვაი მოვიარე და ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, ფეხბურთის იქაური ამბებით რომ არ დავინტერესებულიყავი. ჩვენთან სამხრეთ ამერიკაზე ბევრი ნამდვილად არ იწერება და იქაური ბავშვთა ფეხბურთის შესახებაც ან ძალიან ძველ და გაცვეთილ წიგნებში თუ წაგვიკითხავს, ან ასევ ძველი წარმოდგენებით ვიცით ქუჩაში ბურთით მოხეტიალე შავტუხა ბიჭუნებზე, რომლებიც ბავშვობიდან ფილიგრინულ ტექნიკას ფლობენ.

სან პაულუს ქუჩები ბურთიანი ბავშვების გარეშე

ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქ სან პაულუში (მოსახლეობა 18 მილიონი ადამიანი) თითქმის სულ ფეხით მოვიარე ყველა საფეხბურთო ალაგი და შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ქუჩაში ბურთით მოთამაშე ბავშვები არ შემხვედრია. თავიდან ამან ძალიან გამაკვირვა, მაგრამ შემდეგ კლუბ „კორინტიანსის“ ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა, ბატონმა სანედა პინტუმ ამიხსნა, რომ მათ ქვეყანაში უკვე 15 წელზე მეტია მოქმედებს ბავშვთა ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა, რაც დიდ თუ პატარა ქალაქებში ახალი ათასობით სტადონის აშენების გარდა იმასაც გულისხმობს, რომ ნიჭიერ ბავშვებს კლუბებში ფულს არ ახდევინებენ და მათი ვარჯიშის თანხასაც ზემოაღნიშნული პროგრამა უხდის მწვრთნელებს.

პარალელურად არსებობს „სიჯანსაღის ჯგუფები“, სადაც ბავშვები მხოლოდ იმიტომ არიან ჩართულნი, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი გაიზარდონ, სწორად ივარჯიშონ და ყველამ იცის, რომ ამ ბავშვებს დიდი სპორტული წარმატებების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.

საინტერესო იყო სან პაულუს კლუბ „პალმეირასის“ ბავშვთა ასაკობრივი გუნდების საწვრთნელი პროცესის ცქერა, რამაც დამარწმუნა, რომ ნელი და მხოლოდ ტექნიკის იმედად მყოფი ბრაზილიელი ფეხბურთელების ეპოქა დიდი ხანია დასრულებულია და ბრაზილიელ ბიჭუნებს მათ ევროპელ თანატოლებზე არანაკლები ფიზიკური დატვირთვით ავარჯიშებენ. თითოეულ სათამაშო პოზიციაზე ძირითად გუნდში მოსახვედრად 5-6 ბავშვი იბრძვის და უდიდეს კონკურენციაში მყოფი ბავშვები თავს არ ზოგავენ მათთვის სანატრელ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. კონკურენციაა ერთი შეხედვით ყველაზე „დაკავებულ“ მეკარის პოზიციაზეც კი. 14 წლის ბარონ სორეირამ გვითხრა, რომ ახლა ასაკობრივი კლუბის მეორე მეკარის სტატუსს ატარებს და ერთი სული აქვს, როდის გადავა მათი ძირითადი შემადგენლობის მეკარე იუნიორთა გუნდში, რომ თავად ჩადგეს გუნდის კარში ძირითად მეკარედ და საამისოდ არაფერს დაიშურებს.

რაც სულ იყო, არის და ალბათ მომავალშიც იქნება, ისაა, რომ ბრაზილიაში ყველას თავდამსხმელობა, წინ დადგომა და გოლების გატანა სურს. ეს მოზარდი ფეხბურთელების წვრთნის პროცესიდანაც ჩანდა. შეიძლება ბავშვი მცველის პოზიციაზე მდგარიყო და მისი ფუნქცია საერთოდ არ ყოფილიყო წინ წასვლა და მით უმეტეს გოლები გატანა, მაგრამ როდესაც ვინმეს შანსი და საშუალება მიეცემოდა, ყველა წინ გარბოდა, რამაც ისიც დაგვანახა, რომ ბრაზილიელების მთლად „გაევროპელება“ და ტაქტიკურ სქემებში გამოკეტვა არც ისე ადვილი საქმეა მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ტექნიკაზე ორიენტირებული, ბრაზილიური, ე.წ. ლაღი ფეხბურთის დრო წავიდა.

ცალკე საკითხია მშობლები. ბრაზილიაში ორიდან ერთ მშობელს მაინც აქვს ოცნებად მისი შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს და ამიტომაც, 5-8 წლის ასაკის ბავშვთა გუნდებში შვილის მიყვანა ერთგვარი ტრადიციაც კია. ეს ის ასაკია, როდესაც მწვრთნელიც და მშობელიც აკვირდება ბავშვს და არკვევენ, რამდენად ხელეწიფება მას დიდი ფეხბურთის თამაში.

ერთ რამედ ღირდა განსაკუთრებით მონდომებული მშობლების ნახვა, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებითა და მთელი ემოციებით ამხნევებდნენ შვილებს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ბავშვი ამ დროს სათადარიგითა სკამზე მჯდარიყო.

პატარა „მარადონების“ და „ლეო მესების“ ქვეყანა

არგენტინა ბრაზილიისგან ბევრ რამეში და მათ შორის ფეხბურთის აღქმაშიც მკვეთრად განსხვავებული ქვეყანაა. ფეხბურთი „ვერცხლის ქვეყანაშიც“ ძალიან უყვართ და ბრაზილიელებზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ სურთ მოზარდებს ფეხბურთელობა, თუმცა, ბრაზილიისგან განხვავებით, არგენტინის სახელმწიფოს გამართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა არ გააჩნია და პატარა „დიეგო მარადონებისა“ და „ლეო მესების“ ნახვა ბუენოს-აირესის ქუჩებში უფრო შეიძლება, ვიდრე სტადიონებზე.

როგორც იცით, არგენტინა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია და ეს დიადი გამარჯვება ცხადია არავის დავიწყებია. მსოფლიოს საჩემპიონო თასით ხელდამშვენებული არგენტიელი ფეხბურთელების და უპირველეს ყოვლისა, ცხადია, ლეო მესის ფოტოები თუ კედელზე დახატული მურალები ყველგან შეგხვდებათ. ბავშვებს კი, როგორც გოგონებს ასევე ბიჭებს შეიძლება ეცვათ რომელიმე არგენტინული საფეხბურთო კლუბის მაისური, მაგრამ რაიმე აქსესუარი (მაგალითად: ჩანთა, ქუდი, მისაკრობი სტიკერი ან სხვა რამ) მაინც ექნებათ, 2020 წელს ყატარში მათი ნაკრების გამარჯვებას რომ ასახავს.

სკვერებსა და პარკებში ვისაც კი ძაღლი ჰყავს გამოყვანილი, აუცილებლად წამოღებული აქვს ბურთიც და ამ ბურთს ერთად დასდევენ ბავშვებიცა და ძაღლებიც. თუკი რომელიმე სირბილისგან სახეაწითლებულ ბიჭუნას გააჩერებთ, შეიძლება გამრავლების ტაბულა არა, მაგრამ არგენტინის ნაკრების შემადგენლობა, თავისი სათადარიგო მოთამაშეებით, აუცილებლად ეცოდინება და არც იმის თქმა დაავიწყდება, რომ 2026 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მათმა გუნდმა უნდა იპირველოს, რადგან „მათ ლეო მესი ჰყავთ, რაც უკვე თავისთავად ბევრს ნიშნავს“.

ბოლო სამ წელიწადში არგენტინაში დაბადებული ბიჭების დაახლოებით 20%-ს ლაიონელი ან ლეო დაარქვეს, 10%-ს კი ანხელი, მათი ასევე უსაყვარლესი ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას პატივსაცემად. არგენტინაში ხუმრობენ, რომ 2042 წლის მუნდიალზე მათ ნაკრებში შეიძლება მხოლოდ ლეოები და ანხელები თამაშობდნენ, რაც ახლადდაბადებულ ბავშვთა სახელდების სტატისტიკიდან გამომდინარე სულაც არ იქნება გასაკვირი.

არგენტინის საკლუბო ფეხბურთი

საკლუბო ფეხბურთი ბრაზილიის მსგავსად არგენტინაშიც განვითარებულია. თუმცა, ძირითადი საფეხბურთო კლუბები არგენტინაში ერთ ქალაქში - დედაქალაქ ბუენოს-აირესშია თავმოყრილი, პროვინციული პატარა ქალაქების კლუბები კი, მათთან ძალიან რთულად თუ გასწევენ კონკურენციას. შესაბამისად, კარგი ბავშვთა საფეხბურთო სკოლებიც ქალაქ ბუენოს-აირესსა და დიდ „ბუენოს-აირესში“ ანუ ბუენოს-აირესის შტატში მდებარეობს.

ყველაზე მეტი ბავშვი კლუბ „რივერ პლეიტის“ მოედნებზე ვარჯიშობს და სწორედ ეს კლუბია არამხოლოდ არგენტინაში, მთელს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განვითარებული. „რივერი“ ნიჭიერ ბავშვებს არამხოლოდ არგენტინის მასშტაბით ეძებს, ამ კლუბის სკაუტებს ნახავთ მიმოფანტულს მთელს კონტინენტზე ბოლივიიდან კოლუმბიამდე და ჩილედან პარაგვაიმდე. ყველა ნიჭიერი ბავშვი ცხადია გუნდის ძირითად შემადგენლბაში ვერ მოხვდება, მაგრამ „რივერის“ მოხერხებული მენეჯმენტი ახალგაზრდებს იჯარით სხვა გუნდებში უშვებს და თუკი იქაც თავი გამოიჩინეს და მათი საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, იწყებენ მუშაობას ყმაწვილ მობურთალთა ევროპულ კლუბებში გასაყიდად. მოზარდებისა და მათი მშობლების მთავარი მიზანიც, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ევროპა და ევროპულ კლუბებში თამაშია.

„რივერ პლეიტთან“ ერთად პოპულარულია ბუენოს-აირესის კიდევ ერთი ლეგენდარული კლუბი „ბოკა ხუნიორსი“, თუმცა „ბოკას“ მათი მეტოქისგან განსხვავებით არ აქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები კონვეირის სისტემით „აწარმოოს“ და მის საფეხბურთო აკადემიაში გაზრდილი ახალგაზრდები, როგორც წესი, სწორედ „ბოკაში“ სათამაშოდ გამოიყენება.

არგენტინაში ყმაწვილების გაზრდაზე ორიენტირებული გუნდია „არგენტინოს ხუნიორსი“, სადაც თავის დროზე დიეგო მარადონამ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. „არგენტინოს ხუნიორსში“ დიეგოს გარდა უამრავი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა და ამ კლუბიდან დაფრთიანდა არგენტინული ფეხბურთის მრავალი თაობა. თუმცა „არგენტინოსი“ არასოდეს ყოფილა იმდენად მდიდარი, რომ ეს ბიჭები შეენარჩუნებინა და საერთოდაც, რეალური ღირებულებების გათვალისწინებით კაპიკებად ჰყიდდა სამხრეთ ამერიკის თუ ევროპის შეძლებულ გუნდებში.

„არგენტინოსის“ წარმომადგენელმა ეზიკილ უარტემ გვითხრა, რომ მათთვის სამაყოა ის, რაც არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთისთვის გააკეთეს და აკეთებენ, თუმცა ქომაგებს ძალიან არ მოსწონთ ეს რეალობა, რადგან ერთია გაზარდო და მსოფლიო ფეხბურთს „აჩუქო“ ვარსკვლავი და სულ სხვა ამბავია, როდესაც გუნდის ერთგული ქომაგი წლების განმავლობაში შენგან წარმატებებს ითხოვს.

ცოტა რამ ურუგვაიზეც...

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის - კოპა ამერიკის მრავალგზის გამარჯვებულია. ეს ყველაფერი თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რას ნიშნავს ბურთის გორება ურუგვაელი ხალხისთვის. მიუხედავად ფეხბურთის უზომო პოპულარობისა, სამხრეთ ამერიკაში ჩემს მიერ ნანახი ხსენებული სამი ქვეყნიდან, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ყველაზე ნაკლებად სწორედ ურუგვაიშია ხარისხიანი. სტადიონების დიდი ნაწილი ძველი და ამორტიზებულია, სადაც ტრიბუნები შეიძლება არც კი აკმაყოფილებდეს ფიფას ელემენტარულ სტანდარტებს. ჩვენს მიერ ნანახ დედაქალაქ მონტევიდეოს სამ სტადიონზე მინდვრის ბალახის საფარი მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო, თუმცა ზოგადი ინფრასტრუქტურული პრობლემები ყველგან შეიმჩნეოდა გარდა „ესტადიო სენტენარიოსი“, სადაც ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების გარდა, ცნობილი საფეხბურთო კლუბი „ნასიონალიც“ თამაშობს.

მონტევიდეოში ბავშვთა რამდენიმე საფეხბურთო აკადემიაა, თუმცა, შედარებით დიდი სტადიონებისა არ იყოს, ინფრასტრუქტურის ხარისხი არც იქ იყო კარგი. მონტევიდეოს გარეუბან სერო-ნორტეში ვნახეთ ადგილობრივი კლუბის - „სეროს“ საშინაო შეხვედრა, სადაც როგორც აღმოჩნდა, ბავშვთა გუნდი ფაქტობრივად არ ჰყავთ და ადგილობრივი მოზარდები მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ იავარქმნილ მინდორზე საკუთარი ინიციატივითა და მართლაც რომ მისაბაძი მონდომებით ვარჯიშობენ.

ბოლოთქმის მაგიერ

ლათინური ამერიკის საფეხბურთო მესვეურები ან უბრალოდ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანები, ყოველთვის იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან, ევროპაში ახალგაზრდა ფეხბურთელების მასობრივი გადინების წინააღმდეგ. ეს სენი განსაკუთრებით არგენტინასა და ბრაზილიაშია ფესვგადგმული და ამ ორი ლათინოამერიკული წამყვანი ქვეყნის ფეხბურთს დიდ დარტყმას აყენებს.

ხშირად ამბობენ, რომ ყოველწლიურად, 500, ანდა მეტი მეორეხარისხოვანი ფეხბურთელის ქვეყნიდან წასვლა არგენტინულ ფეხბურთზე ისე მაინც არ იმოქმედებს, როგორც სკეპტიკოსებს ჰგონიათ და მსგავსი პანიკა უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ყველა აღიარებს იმასაც, რომ ახალ კონტინენტზე ფეხბურთის არცთუ მაღალი ტემპებით განვითარებას, საბოლოო ჯამში ფინანსურ პრობლემებზე მეტად, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე ფეხბურთელთა მასობრივი მიგრაცია განაპირობებს.

ამ ამბავს კი მეორე მხარეც აქვს. სხვა რაზე უნდა იოცნებოს, სადმე, როსარიოს გარეუბანში გაზრდილმა, ღარიბი ოჯახის შვილმა ბიჭმა, თუ არა ფეხბურთელობაზე. მას ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ არსებობდა გარინჩა, რობერტო კარლოსი, მარადონა, ბატისტუტა... ეს ფეხბურთის ვარსკვლავებიც, თავის დროზე რიო-გრანდელი ყმაწვილივით, ნახევრად მშივრები აგორებდნენ ბურთს ბუენოს-აირესის, სან პაულუსა თუ კორდობას ქუჩებში და ასევე ოცნებობდნენ იმ გზაზე, რომელიც თავის დროზე დიდმა ალფრედო დი სტეფანომ გაიარა. ამ კონტინენტზე ფეხურთს შესანიშნავად სწავლობენ. აი შემდეგ კი, ყველაფერი იღბლისა და განგების ხელშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103316