ფეხბურთი

18:40 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მჯერა, სრულიად განსხვავებულად ვითამაშებთ, ვიდრე ესპანეთთან ვითამაშეთ"
"გვინდა მუნდიალზე თამაში და ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, ხვალ შესანიშნავი მატჩის ჩატარება დაგვჭირდება"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში თურქეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა გადამწყვეტი თამაშის შესახებ, რომელშიც საქართველოს ნაკრებს გამარჯვების გარდა, სხვა ვარიანტი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ფაქტობრივად დაკარგავს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტია - ესპანეთის ნაკრები, რომელიც ალბათ, დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. რაც შეეხება თურქეთთან პირველ მატჩს, საწყისი წუთები არ იყო ისეთი კარგი, როგორსაც ველოდით, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგად დავასრულეთ. ხვალ ველოდები, რომ 90 წუთის განმავლობაში იქნება აგრესია და სწორი დამოკიდებულება, რაც აუცილებელია დადებითი შედეგისთვის.

ვიცით, საიდან მოვდივართ, როგორ განვითარდა ამ პერიოდში ქართული ფეხბურთი. ყოველთვის საჭიროა ამბიცია, ოცნება, რომ დიდ შედეგს მიაღწიო. რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ 20206 წელს, ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში, რაც ფეხბურთელებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული. ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, ხვალ შესანიშნავი თამაში დაგვჭირდება.

ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება, შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, რაც ასევე ისტორიული იყო. ფეხბურთი იმითაა საინტერესო და ლამაზი, რომ ასეთი სიურპრიზები ხდება. ჩვენი ისტორიის ნაწილი შარშან დავწერეთ ევროპის ჩემპიონატზე. ახლა კი მოუთმენლად ველით, რომ ბავშვებისთვის კიდევ ბევრი დადებითი გვერდი დავწეროთ.

რა საუბარი გვქონდა ფეხბურთელებთან, ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩვენს შორის რჩება. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო გარემო შტაბსა და გუნდს შორის. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს არაა დღევანდელი პრობლემა. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ ვერ ვიპოვეთ სწორი გამოსავალი. არ ვგულისხმობ ფეხბურთელებს, არამედ მარცხენა ფლანგზე სწორად თამაშის სისტემას. აზაროვმა ჩვენთან საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა, მაგრამ „შახტარში“ მას არ აქვს ბევრი სათამაშო პრაქტიკა, კლუბში პრობლემები აქვს, ამიტომ, მისთვის რთული სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ითამაშოს ხვალ ამ პოზიციაზე, კარგად ითამაშებს.

შეგიძლია გუნდის შემადგენლობა შეცვალო, ესაა მწვრთნელის საქმე, რომ იპოვოს სწორი კომბინაცია. თუმცა მთლიანობაში, უფრო მნიშვნელოვანია ის იდენტობა, რაც უნდა გვქონდეს მოედანზე და მთელი თამაშის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთთან თამაშისგან განსხვავებული იდენტობა იქნება, რადგან მხოლოდ საკუთარი იდენტობითა და თვისებებით შეგვიძლია რაღაც განსაკუთრებულის შექმნა. ყველამ ვიცით, რომ თუ 2-3%-საც დავაკლებთ, შანსი არ გვექნება. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი სრულად მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად განსხვავებულად წარმოვაჩინოთ თავი, ვიდრე ორი დღის წინანდელ მატჩში“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თურქეთის ნაკრებთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 7 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება.

ჯგუფში საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზეა, თურქეთს 6 ქულა აქვს, ბულგარეთს ქულა არ მოუპოვებია, ხოლო ესპანეთი უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერია და მუნდიალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგმული აქვს. თურქეთისა და საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, იზმითში გაიმართება და თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია თურქეთიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161337