ფეხბურთი

22:46 | 13.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: "საქართველოსთან ყველა მატჩში ბოლო წუთამდე გაგვიჭირდა, ახლაც ასე იქნება"
"ვფიქრობ, საქართველო მოსაგებად ითამაშებს, მაგრამ არ ვიცით, როგორი მეთოდით"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელმა სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა გადამწყვეტი თამაშის შესახებ, რომელშიც საქართველოს ნაკრებს გამარჯვების გარდა, სხვა ვარიანტი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს ფაქტობრივად დაკარგავს.

"ბერკე ოზერის სიტუაცია? ეს არის ჯგუფი, რომელიც ოჯახივითაა, ყველა ერთმანეთის როლს პატივს სცემს, ერთად ყოფნის დიდი სურვილი აქვთ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ჩვენი ძლიერი თვისებაა და ამ გარემოს დარღვევის უფლება არავის აქვს. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების განკარგულებაში უნდა იყვნენ და არა პირიქით, ეს გამორიცხულია. ჩემი მოვალეობაა, ავირჩიო საუკეთესო ფეხბურთელები თამაშის სტილიდან გამომდინარე. გავაკეთო არჩევანი და ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი. თავის მხრივ, ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა. თუ ფეხბურთელი არ ეთანხმება ტექნიკურ არჩევანს, შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ეს უნდა მიიღოს, პატივისცეს თანაგუნდელებს, რომლებიც თავგანწირვით მუშაობენ, იმის მიუხედავად, თამაშობენ თუ არა. მან არავინ გააფრთხილა, გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო, არავის დამშვიდობებია, არავისთვის არაფერი აუხსნია და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამ თემაზე მეტი საუბარი არ მსურს, რადგან ბევრად მნიშვნელოვანი თემები არსებობს, როგორიცაა ხვალინდელი მატჩი და მსოფლიოს ჩემპიონატზე 24 წლის შემდეგ გასვლა, მაგრამ ამ საკითხზე ბოლოჯერ ვიტყვი, რომ ბერკე ნაკრებში მაშინ გამოვიძახეთ, როცა „ეიუსპორში“, მეორე დივიზიონში თამაშობდა. მან სექტემბრამდე მხოლოდ ორჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, სანამ ევროპაში წავიდოდა. ასე რომ, არ არის სიმართლე, რომ არჩევანს მხოლოდ გუნდების სახელებიდან გამომდინარე ვაკეთებ. ასე რომ ყოფილიყო, ის ჩვენთან ვერ ითამაშებდა. ის ჯერ კიდევ მაშინ ვათამაშეთ, სანამ ევროპაში წავიდოდა. ეს დიდი იმედგაცრუებაა. პატივს ვცემ ბიჭის არჩევანს, მაგრამ იმედგაცრუებაა. მერტ გიუნოკი ნაკრებში პირველად 2012 წელს გამოიძახეს და ძირითადი შემადგენლობის წევრი 2019 წელს გახდა, 7 წლის შემდეგ გახდა პირველი მეკარე. ის ახლაც ჩვენთანაა და ეხმარება თანაგუნდელებს, ვარჯიშებზე მათ გამოცდილებას უზიარებს, ეს არის ამ გუნდის სულისკვეთება. თანაგუნდელების უპატივცემულობა ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.

წინა კვირებში აქ ვიყავი თამაშის საყურებლად, სტადიონზე ატმოსფერო ძალიან კარგი იყო, დარწმუნებული ვარ, ხვალ გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარება და გვიხარია, რომ აქ ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, აქ მომავალშიც ვითამაშებთ.

დორტმუნდში გამართული მატჩიდან დიდი დრო გავიდა. პირველი მატჩის წინაც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა, ჩემგან დიდი პატივისცემა ვილის. საქართველოში პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა, სხვა თამაშია. ვფიქრობ, მეტოქე აუცილებლად მოგებისთვის ითამაშებს. არ ვიცით, თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევს და მაღალ პრესინგს ითამაშებს თუ ძალებს ბოლო წუთებისთვის შეინახავს. ამიტომ, ორივე სიტუაციისთვის მოვემზადებით. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი სისწრაფით, თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ. რთული მეტოქეა, მაგრამ მუნდიალზე გასასვლელად რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებაა საჭირო. ხვალ უნდა ვეცადოთ, რომ სულ მცირე პლეი-ოფს მივუახლოვდეთ. ბოლო მატჩში ბულგარეთთან პირველი ტაიმი კარგი არ გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარი შესანიშნავი იყო, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ბურთების ბალანსიც გავათანაბრეთ. ხვალ შესანიშნავი თამაში იქნება, ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ.

საქართველოსთან ორჯერ ურთულესი მატჩი ვითამაშეთ, ბოლო წუთებამდე გაგვიჭირდა. ევროპის ჩემპიონატზე კერემ აკტურკოღლუმ 95-ე წუთზე გაიტანა, ბოლო მატჩში კი, მიუხედავად იმისა, რომ 3:0-ს ვიგებდით, ბოლომდე ნერვიულობა მოგვიწია. შესაბამისად, ხვალ არაფერია გადაწყვეტილი, ბოლომდე ბრძოლა იქნება, რაც ჩვენს შორის წინა მატჩებმა დაადასტურა“, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თურქეთის ნაკრებთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 7 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება.

ჯგუფში საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზეა, თურქეთს 6 ქულა აქვს, ბულგარეთს ქულა არ მოუპოვებია, ხოლო ესპანეთი უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერია და მუნდიალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგმული აქვს. თურქეთისა და საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, იზმითში გაიმართება და თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია თურქეთიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092405