საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა თურქეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ქართველმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ეს მატჩი წნეხზე მეტად გამოწვევაა და ყველაფერს გააკეთებენ დადებითი შედეგისთვის.
„ვიცით, რომ თურქეთის ნაკრები ძალიან კარგია, დიდი ხანია ვემზადებით. ძალიან რთულ მატჩს ველოდებით, უბრალოდ, თუ გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადავლახოთ. ვფიქრობ, საინტერესო თამაში იქნება. ნაკრები ძალებს იღდგენს ესპანეთთან დამარცხების შემდეგ, ვემზადებით, ხვალინდელი თამაშისთვის, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.
წნეხზე მეტად ჩვენთვის ეს გამოწვევაა. ძალიან რთული თამაში გველოდება, მათ მაგარი ფანები ჰყავთ, მაგრამ ქართველი გულშემატკივარიც ბევრი იქნება, ახლოსაა თურქეთი და ვიცი, რომ ბევრი ქართველი აპირებს დასწრებას, რაც ჩვენთვის მოტივაციაა. წნეხი იქნება, ეს ყველა თამაშშია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად.
ესპანეთთან ყვითელი ბარათების რისკი იყო და თურქეთთან მომდევნო მატჩზეც ვფიქრობდით, მაგრამ ამის გამო არცერთ ფეხბურთელს არაფერი დაუკლია, გვინდოდა წარმატების მიღწევა, თუმცა ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ფეხბურთელებს თავი არცერთ ეპიზოდში არ დაგვიზოგავს. შანსია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ, მაგრამ უფრო მეტად უნდა გვჯეროდეს ჩვენი ძალების, გუნდურად უკეთესი თამაშით შეგვიძლია შედეგის მიღწევა“, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თურქეთის ნაკრებთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 7 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება.
ჯგუფში საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზეა, თურქეთს 6 ქულა აქვს, ბულგარეთს ქულა არ მოუპოვებია, ხოლო ესპანეთი უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერია და მუნდიალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგმული აქვს. თურქეთისა და საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, იზმითში გაიმართება და თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია თურქეთიდან