გორის ‘გორმა’ crocobet დიდი 10-ის მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘ლელოს’ თბილისში, „ლელო არენაზე“ 38:14 სძლია და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.
‘ლელო’ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა, 9 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე დაქვეითდა. დებიუტანტმა ‘გორმა’ დიდ 10-ში მეორე გამარჯვება იზეიმა, პირველი სტუმრად, 10 ქულა მოუგროვდა და მე-6 ადგილზე დაწინაურდა.
ქვემო ქართლელებმა თამაშის ბედი პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც 24 უპასუხო ქულა აიღეს. გიორგი ჯობავამ დებიუტშივე ხაზი გაჭრა, ‘ლელომ’ სალელოვე შეტევა გიორგი ბოლქვაძის სინბინის ხარჯზე შეაჩერა და გელა ხელაძემ ახლოდან ჯარიმა გაიტანა. კაცნაკლულ ‘ლელოს’ ‘გორმა’ მწვავედ შეუტია, მე-8 წუთზე ხელაძის ფეხით გადაკიდებულ ბურთს ფრთაზე ჯობავა დაეუფლა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა.
მე-14 წუთზე ხაზი უკვე აპიმელეკი ნამბოლენგამ გაჭრა, მეტოქის 22-ში ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში დავით მთვარაძე შეუშვა. ხელაძემ რთული პოზიციიდან ორივე გარდასახა. ‘ლელო’ გამოცოცხლდა და ორჯერ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ‘გორმა’ თავი დაიცვა და ტაიმის მიწურულს მესამე ლელო გაიტანა. მთვარაძემ შეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყო, იერიში ოფლოუდების სერიით გაგრძელდა, ნამბოლენგამ ხაზი გაჭრა, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და დროული გადაცემით მთვარაძეს მეორე ლელო გაატანინა. გარდასახვა ამჯერად შეცვლაზე შესულმა სერგი ჩხაიძემ შეასრულა - 0:24.
მეორე ტაიმი ‘ლელოს’ შეტევებით დაიწყო და 53-ე წუთზე გიორგი კურტანიძემ პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, რომელიც გიორგი ბოლქვაძემ გარდასახა. მასპინძლები შეტევებს განაგრძობდნენ, თუმცა შეცდომის შემდეგ ‘გორისგან’ კარგი საპასუხო შეტევა მიიღეს და სერგი ჩხაიძემ გარდასახული ლელოთი საკუთარ გუნდს 24-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.
დასკვნით წუთებში ვლადიმერ გოგოლიძის სინბინის შემდეგ ‘გორი’ კაცნაკლული დარჩა და ‘ლელომ’ 1 წუთში ლელო გაიტანა - 5-მეტრიანი მოლი 5 ქულით გიორგი მაისურაძემ დაასრულა, ბოლქვაძემ კი გარდასახა. ‘გორს’ ბონუს-ქულის მისაღებად ლელოს გატანა ჭირდებოდა და მიზანს 78-ე წუთზე უწია. ბურთი ფორვარდებმა კარგად გაითამაშეს და ლელოში შალვა კეთილაძე შევიდა. ჩხაიძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:38. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით მთვარაძე გახდა.
RUGBY.GE