თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა კერემ აკტურკოღლუმ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ეს ფინალივით მატჩია და ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია:
„ორივე გუნდს კარგად ესმის ამ მატჩის მნიშვნელობა. ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ. საქართველოც იგივეს გრძნობს. ეს იქნება მატჩი, რომელმაც შეიძლება ჯგუფში ძალთა ბალანსი განსაზღვროს. ვიცით, რომ გამარჯვება პლეი-ოფში გასვლის შანსს გაზრდის და ერთი ნაბიჯით მიგვიყვანს ჩვენს მიზანთან.
ეროვნულ გუნდში არანაირი პრობლემა არაა, ძალიან კარგი ატმოსფეროა. ეს შედეგებზეც აისახება. ესპანეთთან მატჩის გარდა, ძალიან კარგად ვვითარდებით.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვთამაშობ. ვფიქრობ, თავდამსხმელის პოზიციაზე კარგი სამუშაო შევასრულე. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ჩემი მწვრთნელიც კმაყოფილია. ჯან უზუნის დრო მოვა და დადგება დრო, როცა ის ჩემს ადგილას ითამაშებს. არავის აქვს ადგილი გარანტირებული“, - თქვა აკტურკოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თურქეთის ნაკრებთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 7 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება.
ჯგუფში საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე ადგილზეა, თურქეთს 6 ქულა აქვს, ბულგარეთს ქულა არ მოუპოვებია, ხოლო ესპანეთი უდანაკარგოდ, 9 ქულით ლიდერია და მუნდიალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგმული აქვს. თურქეთისა და საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, იზმითში გაიმართება და თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.