საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში თურქეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თამაში შეაფასა.
"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მომავალში შევეჯახებოდით, იქნებოდა სწორედ ის, რომ დაგვევიწყებინა ევროპის ჩემპიონატი. ვფიქრობ, არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ ყველანი, კომფორტის ზონაში მოვექეცით ევროპის შემდეგ და გაგვიჭირდა იქიდან გამოსვლა. როცა ასეთ სიტუაციაში ხარ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, არის რეალობის პატიოსნად მიღება. პატიოსნად - ვგულისხმობ იმას, რომ უნდა იცოდე, ვინ ხარ: ვინ ვართ ჩვენ, როგორც გუნდი, როგორც ფედერაცია. რაც გვახასიათებდა ბოლო წლებში, ეს იყო საბრძოლო სულისკვეთება, ერთიანობა, თამაში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ისე, თითქოს ეს იყო შენი ცხოვრების ბოლო მატჩი. ვფიქრობ, ბოლო 10 თვის განმავლობაში, ეს ნელ-ნელა დაგვავიწყდა. თუ გვინდა მომავალშიც გვქონდეს წარმატება, უნდა მოვახერხოთ სწრაფად გადატვირთვა და დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, როცა ვიცოდით, რომ თითოეულ თამაშში ძალიან ბევრს უნდა ვიბრძოდით კარგი შედეგის მისაღწევად. ვფიქრობ, ეს ცოტათი დაგვავიწყდა და სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი პრობლემა მომდევნო კვირებსა და თვეებში, რომ გაცილებით უკეთესი ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ.
პირველ და მეორე ტაიმს შორის განსხვავება ძალიან დიდი იყო. როგორც უკვე ვთქვი, თამაში ისე დავიწყეთ, თითქოს, კომფორტის ზონაში ვიყავით, თითქოს შეგვეძლო მოგება ინტენსივობისა და აგრესიულობის გარეშე. თუმცა, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც თურქეთია, შანსი საერთოდ არ გაქვს, თუ თამაშს არ იწყებ სრული მობილიზებით, უბრალოდ არ გაქვს არანაირი შანსი. თურქეთს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ უმაღლეს დონეზე, მათ ზუსტად იციან, რას ნიშნავს მნიშვნელოვანი მატჩი და თამაში დაიწყეს ისე, თითქოს ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ხოლო ჩვენ - არა. სწორედ ეს იყო ძალიან დიდი განსხვავება.
მჯერა, რომ საქართველოს მომავალშიც შეუძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუ თითოეული მატჩს, იქნება ეს თურქეთის, ბულგარეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, 100%-ით არ მივუდგებით, მაშინ შანსი არ გვექნება. როგორც აღვნიშნე, ეს იქნება მთავარი სამუშაო მიმართულება მომავალში. თუ ჩვენ ისევ არ გავხდით ძლიერი გუნდი, გულწრფელად რომ ვთქვა, მაშინ გაგვიჭირდება. შეიძლება გვყავდეს რამდენიმე კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელი, მაგრამ როცა სხვა გუნდებს ეთამაშები, მათაც ჰყავთ ბევრი კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელები. ამიტომ, ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ორ-სამ ფეხბურთელს, გუნდურ სიძლიერეზე უნდა ვიმუშაოთ.
უბრალოდ ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ჩვენი დონე არ არის ისეთი, როგორიც გვაქვს. უნდა ვიმუშაოთ მოედანზე, რომ უკეთესები გავხდეთ. თურქეთს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს. ისინი ყოველ შაბათ-კვირას თამაშობენ უმაღლესი დნის მატჩებს. ყველას გვაქვს სიამაყე, მაგრამ დღეს უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ თურქეთი ახლა ბევრად განსხვავებულ, უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენ. ეს არ ეხება მხოლოდ აგრესიულობას, ტაქტიკას ან ტექნიკას, მთლიანობაში თურქეთი სხვა, უფრო მაღალი დონის გუნდია", - თქვა სანიოლმა.
ვილი სანიოლის გუნდს ოთხ ტურში სამი ქულა აქვს და მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, თუ ამას შანსი ეთქმის. საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს ერთ თვეში დაასრულებს, როდესაც 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
სოფო ერქვანია თურქეთიდან