თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თამაში შეაფასა.
„ჩემი აზრით, დამსახურებულად მოვიგეთ და ბედნიერები ვართ. თავდაჯერებულ, აგრესიულ საქართველოს ნაკრებს ველოდებოდით, ამისთვის მოვემზადეთ. განსაკუთრებით მიხარია ეს ორი გამარჯვება (ბულგარეთსა და საქართველოსთან), ბევრი გოლი გავიტანეთ და ბიჭები ამას იმსახურებდნენ. ახლა მომდევნო მატჩებისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით, რადგან ერთი ქულა გვაკლია პლეი ოფის საგზურის განაღდებისთვის.
სტანდარტებზე ყოველთვის ვმუშაობთ. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც მეორე სართულზე ძალიან კარგად დარტყმა შეუძლიათ, ამ ორ შეხვედრაში ეს კომპონენტი კარგად გამოვიყენეთ. ზოგადად, თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციაა, რომ ბევრი მატჩის ბედი სწორედ სტანდარტული მდგომარეობებით წყდება.
კრიტიკა ჩემი სამუშაოს ნაწილია, მთავარია, სწორად გააკეთო საქმე. ძალიან ბევრჯერ მაკრიტიკებდით, რადგან, როგორც ამბობთ და ხალხი ფიქრობს, არ ვთამაშობთ ნომინალური ფორვარდით, რეალობა კი ისაა, რომ ყოველთვის ბევრი გოლი გაგვაქვს, ხშირად სუპერშემტევი გუნდით ვთამაშობთ, გააჩნია მეტოქეს. ბოლო ორ მატჩში 10 გოლი გავიტანეთ. დღეს ძალიან რთულ მეტოქესთან ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი დამსახურება, რომ თამაში იმ მიმართულებით წარიმართა, როგორიც გვსურდა, პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყდა ყველაფერი.
თითქმის პლეი-ოფში ვართ, მაგრამ ფეხბურთში სანამ მათემატიკურად არ გადაწყდება, არაფერია გადაწყვეტილი, ერთი ქულა გვაკლია. თუმცა ჩვენ, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება გვსურს. მიხარია, რომ თურქეთის ნაკრებში, როგორც უცხოელმა მწვრთნელმა, ყველაზე მეტი მატჩი მოვიგე, თუმცა, მინდა, მუნდიალზე გავიდეთ, ჩემთვის მთავარი მიზანი ეს არის და ამით დაგამახსოვროთ თავი. ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, რადგან წინ რთული პლეი ოფი გველოდება, როდესაც ორი მატჩის ჩატარება მოკლე მონაკვეთში მოგვიწევს. მიხარია, რომ დემირალმა თავის ქალაქში ორი გოლი გაიტანა, კარგი იქნებოდა, კერემსაც გაეტანა, მაგრამ დღეს დადებითი, სასიამოვნო, სასიხარულო, საზეიმო საღამო იყო. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება აქ სათამაშოდ დაბრუნების სურვილი, რადგან გულშემატკივარმა ძალიან თბილად მიგვიღო, ჯერ კიდევ გუშინ, თამაშის წინა დღეს.
ვფიქრობ, თურქეთს ძალიან კარგად შევეწყვე, თავს უცხოელად არ ვგრძნობ, ფეხბურთელებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ახალგაზრდული გუნდი მყავს, რომელსაც ზრდა კიდევ შეუძლია. ისინი ჩემს მითითებებს მიჰყვებიან, მაგალითად, დღეს პირველი გოლი იყო კომბინაცია, რაზეც ვარჯიშებზე ამ დღეებში ვმუშაობდით. ფეხბურთელებს ჩემი სჯერათ და მენდობიან. შეცდომებზე ვიმუშავეთ, იმაზე, რაც გასაუმჯობესებელი გვქონდა“, - თქვა მონტელამ.
ვილი სანიოლის გუნდს ოთხ ტურში სამი ქულა აქვს და მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, თუ ამას შანსი ეთქმის. საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს ერთ თვეში დაასრულებს, როდესაც 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
სოფო ერქვანია თურქეთიდან






