შვედეთის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი იონ დალ ტომასონი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დანიელი სპეციალისტი კოსოვოსთან შინ 0:1 წაგების შემდეგ დაითხოვეს. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან წარუმატებლად თამაშობს.
შვედეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. თუმცა, მუნდიალზე გასვლის შანსი მაინც აქვს, რადგან ერთა ლიგიდან პლეი-ოფში ითამაშებს.
იონ დალ ტომასონი შვედეთის ნაკრებს 2024 წლიდან ედგა სათავეში, ხოლო მანამდე „ექსელსიორის“, „როდას“, „მალმიოსა“ და „ბლექბერნის“ მწვრთნელი იყო. აღსანიშნავია, რომ ტომასონი პირველი მწვრთნელია, რომელსაც შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა და გაათავისუფლა.