ინგლისის ნაკრები მუნდიალზე ითამაშებს. ალბიონელებმა მეექვსე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გაიფორმეს.
პირველივე ტაიმში ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა, ერთიც ენტონი გორდონმა გაიტანა და მეორე ტაიმს აზრი დაეკარგა. თუმცა, ინგლისმა მეორე ტაიმში უპირატესობა ორი ბურთით კიდევ გაზარდა და 5:0 მოიგო.
ინგლისს 6 ტურში 18 ქულა აქვს და როგორც ვთქვით, მოიპოვა მუნდიალის საგზური, ხოლო მეორე ადგილისთვის, პლეი-ოფის საგზურისთვის ბოლო ორ ტურში ბრძოლა ალბანეთსა და სერბეთს შორის გაგრძელდება. ალბანეთი ქულით უსწრებს სერბეთს, მომდევნო ტურში ანდორას ეთამაშება, ხოლო პარალელურად, სერბეთი ინგლისს ეწვევა და დიდი შანსია, ალბანეთმა მეორე ადგილი მომდევნო ტურში გაინაღდოს.
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეჩვიდმეტედ გავიდა, 1994 წლის შემდეგ მუნდიალი არ გამოუტოვებია.
1. | ინგლისი | 6 | 6 | 0 | 0 | 18 | 0 | 18 | 18 |
2. | ალბანეთი | 6 | 3 | 2 | 1 | 6 | 3 | 3 | 11 |
3. | სერბეთი | 6 | 3 | 1 | 2 | 7 | 7 | 0 | 10 |
4. | ლატვია | 7 | 1 | 2 | 4 | 4 | 13 | -9 | 5 |
5. | ანდორა | 7 | 0 | 1 | 6 | 3 | 15 | -12 | 1 |
პორტუგალიამ ბოლო წუთებზე დაკარგა ქულები, თორემ ისიც ინაღდებდა მუნდიალის საგზურის. უნგრეთი პორტუგალიაში შალაის გოლით დაწინაურდა, რასაც პირველივე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ დუბლით უპასუხა: 225 სანაკრებო მატჩში 143 გოლი - კრიშტიანუ არ ბერდება! თუმცა, პორტუგალიამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან ბოლოს დომინიკ სობოსლაიმ გაათანაბრა და მატჩი 2:2 დასრულდა. ამავე ჯგუფში ირლანდიამ სომხეთი დაამარცხა.
პორტუგალია 10 ქულით ლიდერია და ძალიან ახლოსაა მსოფლიოს ჩემპიონატთან, უნგრეთი, ირლანდია და სომხეთი მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. წინ კიდევ ორი ტურია.
1. | პორტუგალია | 4 | 3 | 1 | 0 | 11 | 4 | 7 | 10 |
2. | უნგრეთი | 4 | 1 | 2 | 1 | 8 | 7 | 1 | 5 |
3. | ირლანდია | 4 | 1 | 1 | 2 | 4 | 5 | -1 | 4 |
4. | სომხეთი | 4 | 1 | 0 | 3 | 2 | 9 | -7 | 3 |
I ჯგუფში იტალიის ნაკრებმა ისრაელი 3:0 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი პრაქტიკულად გაინაღდა, მაგრამ პირველი ადგილი მაინც ფანტასტიკის სფეროა, რადგან ნორვეგია 3 ქულით წინაა, ბურთების ბალანსშიც უდიდესი უპირატესობა აქვს. იტალიას მუნდიალზე გასასვლელად, რომ ზედიზედ მესამედ არ დარჩეს მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა, ბრძოლა პლეი-ოფში მოუწევს.
1. | ნორვეგია | 6 | 6 | 0 | 0 | 29 | 3 | 26 | 18 |
2. | იტალია | 6 | 5 | 0 | 1 | 18 | 8 | 10 | 15 |
3. | ისრაელი | 7 | 3 | 0 | 4 | 15 | 19 | -4 | 9 |
4. | ესტონეთი | 7 | 1 | 1 | 5 | 7 | 17 | -10 | 4 |
5. | მოლდოვა | 6 | 0 | 1 | 5 | 4 | 26 | -22 | 1 |