ფეხბურთი

1:10 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალი, კოტ დივუარი და საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ

აფრიკის ზონიდან მუნდიალს კიდევ ორი მონაწილე შეემატა - სენეგალი და კოტ დივუარი.

სენეგალის ნაკრებმა B ჯგუფის ბოლო ტურში მავრიტანია 4:0 გაანადგურა და გამოსვლა 24 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, ორი ქულით აჯობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. სენეგალი მუნდიალზე მეოთხედ გავიდა.

F ჯგუფში კოტ დივუარმა 3:0 დაამარცხა კენია და 26 ქულით დაიკავა პირველი ადგილი. მეორეზე გაბონი გავიდა, რომელიც კონკურენტს მხოლოდ ქულით ჩამორჩა. კოტ დივუარი მუნდიალზე მეოთხედ ითამაშებს.

აზიის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა საუდის არაბეთის ნაკრებიც, რომელიც ერაყს უგოლოდ დაუზავდა. საბოლოოდ, ამ ნაკრებებმა პლეი-ოფის ჯგუფში 4-4 ქულით დაასრულეს გამოსვლა, მაგრამ საუდის არაბეთმა ერაყს გატანილი გოლებით აჯობა (3:2 და 1:0-ზე). საუდის არაბეთი მუნდიალზე მეშვიდედ ითამაშებს.

მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ინგლისმა, ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, სენეგალმა, კოტ დივუარმა, განამ, ეგვიპტემ, კაბო ვერდემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096305