საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა თურქეთთან მატჩის (1:4) შემდეგ ისაუბრა და საკმაოდ გულახდილი იყო.
მან პირდაპირ ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც მისი აზრით, გუნდში არსებობს:
„რთულია საუბარი ასეთი თამაშის შემდეგ, როცა მოლოდინები განსხვავებულია და თამაშის სცენარი აბსოლუტურად განსხვავებული. ძალიან დასანანია, ძალიან განვიცდით, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ და აღვიქვათ კარგად, რომ საქართველოს ნაკრებს წარმოვადგეთ. თითქოს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაპერწკალი არ გვაქვს, რაც გვქონდა. თითქოს, სადღაც დავკარგეთ და აუცილებელია ამის დაბრუნება, რადგან ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, იმიტომ, რომ მაღალი დონის გუნდებთან გვიწევს თამაში. ამ მატჩებში ძალიან დავიჩაგრეთ. ვფიქრობ, ასე ვერ გავაგრძელებთ. ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ და ვიპოვოთ ძალა, რომელიც გუნდს გააძლიერებს და განავითარებს. სხვა შანსი და გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ. რთული სათქმელია, რამ გამოიწვია ამ ნაპერწკლის გაქრობა, ამაზე პასუხი რომ მქონდეს, ალბათ, დღეს ასე არ ვითამაშებდით. ეს არის ჩემი აზრი, ჩემი განცდები, მოედანზე ასე ჩანს. გუნდში ძალიან მეგობრული გარემოა, ძალიან კარგი განწყობაა, ერთად ყოფნა გვიხარია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მოედანზე თითქოს, ეს ერთიანობა ვერ გადმოგვაქვს და ესაა ძალიან დასანანი.
რაც შეეხება დემირალის გოლებს, დავალება არ იყო, რომ მე უნდა ამეყვანა: კუთხურის დროს ზონას ვთამაშობთ, მე მეორე ხაზში ვიყავი და ზონის დროს ინდივიდუალურად არ ვმეურვეობთ ფეხბურთელებს, უბრალოდ, ასე მოხდა, დაემთხვა, რომ მე აღმოვჩნდი იქ და მანაც გამოიყენა უპირატესობა.
მიჭირს საუბარი, გვინდოდა, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, უდიდესი მადლობა გულშემატკივარს, ვგრძნობთ ამ განსაკუთრებულ სიყვარულს და კიდევ უფრო დასანანია, რომ ვერ გავახარეთ ისინი. ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი მომავალში სხვანაირად წარიმართოს“, - თქვა კიტეიშვილმა.
ვილი სანიოლის გუნდს ოთხ ტურში სამი ქულა აქვს და მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, თუ ამას შანსი ეთქმის. საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს ერთ თვეში დაასრულებს, როდესაც 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
სოფო ერქვანია თურქეთიდან