საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა თურქეთთან მარცხის (1:4) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, დასკვნები უნდა გამოიტანონ და არ უნდა დანებდნენ:
„ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა რთულია. რაც გვინდოდა, ის ვერ გავაკეთეთ. მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ისე ვერ მოვემზადეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა დაგვემსახურებინა. თამაში რომ დაიწყო, თურქეთს ძალიან დიდი უპირატესობა არ ჰქონია, ვგულისხმობ გოლამდე მონაკვეთს, არეული თამაში იყო, ჩვენც გვქონდა რეალური მომენტი. სამწუხაროა ეს ყველაფერი, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით. გუნდში ისევ ისეთი გარემოა, თუ უკეთესი არა. სტადიონზე ალბათ, სხვა ქიმია გვჭირდება, უნდა გამოვასწოროთ, არ მაქვს პასუხი, სად გაქრა ნაპერწკალი, მაგრამ ჩვენც ისე გვტკივა, როგორც თქვენ და არ დავნებდებით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ვილი სანიოლის გუნდს ოთხ ტურში სამი ქულა აქვს და მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, თუ ამას შანსი ეთქმის. საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს ერთ თვეში დაასრულებს, როდესაც 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
სოფო ერქვანია თურქეთიდან






