საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა თურქეთთან მარცხის (1:4) შემდეგ ისაუბრა.
„ძალიან რთულია მიზეზების პოვნა. ცივ გონებაზე უფრო ადვილი იქნება. ახლა ყველაზე ადვილია თავის ჩახრა და ნეგატივზე საუბარი. ვიცით, რა რთულ მდგომარეობაშიც ვართ. იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ ასეთი დაცემა არავის გვინდა, არცერთ ფეხბურთელს, არც მე, არც ჩემს ოჯახს და მთლიანად საქართველოს არ სიამოვნებს, როდესაც ფეხბურთელები მოედანზე ვერ ვახერხებთ იმის შექმნას, რისი შექმნაც გვინდა. თუმცა, საქართველოს ყოველთვის ჰქონია რთული მომენტები და ყოველთვის ვიცით, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული მომენტებიდან. დარწმუნებული ვარ, ამ თითოეულ წაგებას, ჩვენს შეცდომას, ჩვენს თავზე ავიღებთ, პირველ რიგში ჩემს თავს ვგულისხმობ. ახლა კლუბებში მივდივართ, მაგრამ მაინც ეროვნულ ნაკრებზე და ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი უკვე აღარ გვაქვს, მაგრამ დარჩენილი მატჩები უნდა გამოვიყენოთ მომავლისთვის. ნეგატივი ადვილია, მაგრამ პოზიტივი უნდა ვიპოვოთ, რომ მომდევნო მატჩებში ეს ყველაფერი რამენაირად გამოვასწოროთ. გულშემატკივრებს მადლობის მეტს ვერაფერს გადავუხდი. ვეცადეთ, მოედნიდან გვეთქვა მადლობა, მაგრამ დღეს ეს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ვილი სანიოლის გუნდს ოთხ ტურში სამი ქულა აქვს და მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, თუ ამას შანსი ეთქმის. საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს ერთ თვეში დაასრულებს, როდესაც 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
სოფო ერქვანია თურქეთიდან