ფეხბურთი

3:52 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს და დროთა განმავლობაში უკეთ შევთამაშდებით"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მალტასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ეს თამაში უკეთესი იყო, ვიდრე წინა მატჩები და დროის გასვლასთან ერთად უკეთ შეთამაშდებიან:

„საჭირო სამი ქულა იყო, მიხარია, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ამასაც მნიშვნელობა ჰქონდა. ვფიქრობ, შედეგი ლოგიკურია, თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით სიტუაციას, ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს ჩვენი მესამე თამაში იყო და დღეს უფრო იგრძნობოდა შეთამაშება, მონახაზი, სისტემურობა, რომელიც გვინდა ვიხილოთ. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო შევთამაშდებით და ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით. ვიცით, ნოემბერში თუ რა დონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში. მოვემზადებით, გავაანალიზებთ ყველაფერს. უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ფეხბურთელები კლუბებში როგორ გამოიჩენენ თავს, რაზეც ბიჭებთან საუბარი მქონდა. მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო ისაა, რომ ლოგიკურია ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, ის ქულათა მარაგიც, რომელიც გვაქვს, იმიტომ, რომ ახალი გუნდი ვართ. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაა ის, რომ თამაშში ვართ, თამაშში ვრჩებით, დანარჩენი ნოემბერში გამოჩნდება“, - თქვა სვანაძემ.

ასევე ისაუბრა ფეხბურთელმა ნიკოლოზ დადიანმა, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

„ძალიან მიხარია, რომ ჩემი სადებიუტო გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. რთული თამაში გამოდგა მიუხედავად ანგარიშისა, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. წინა მატჩები რთული იყო, რადგან ახალი შეკრებილები ვიყავით და მწვრთნელის დავალებები მესამე თამაშში საკმაოდ კარგად შევასრულეთ. ნოემბერში ორ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, გერმანიას და საბერძნეთს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი 100%-ით მზად იყოს“, - აღნიშნა დადიანმა.

აქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 5 ქულით მესამე ადგილზეა, ჩამორჩება საბერძნეთს (9 ქულა) და გერმანიას (6). რამაზ სვანაძის გუნდი 14 ნოემბერს, საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, გერმანიას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093936