როცა ურემი გადაბრუნდება, გზა მერე ჩნდება, მაგრამ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში, გზა მანამდეც ჩანდა, თვალნათლივ.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სრულად ჩააგდო და ამაში არაფერია მოულოდნელი და ალოგიკური, გულდასაწყვეტი და სამწუხარო კი, მაგრამ არა - დაუმსახურებელი.
ჯერ კიდევ წილისყრის დასრულებისთანავე ნათელი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად თეორული შანსი ექნებოდა. უბრალოდ უტოპიაა იმაზე რეალურად ფიქრი, რომ ჯგუფში ბრძოლას მოუგებ ესპანეთის ნაკრებს და პირველი ადგილი თავიდანვე გამორიცხული იყო. მეორე ადგილისა და შესაბამისად, თურქეთთან ბრძოლა თითქოს, უფრო რეალისტური უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროცესმა გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრები ჯერ კიდევ არაა მზად გარკვეული სიმაღლეებისთვის.
კი, შესანიშნავი თაობა ჰყავს ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უფრო მეტის პოტენციალიც აქვს - ორი აზრი არაა, მაგრამ ჯერჯერობით, ეს უფრო ინდივიდუალური გამონათემებებია, ვიდრე გუნდური სისტემის შედეგი. ამიტომაცაა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის რამდენიმე ფეხბურთელი აბსოლუტურად შეუცვლელია: გამოჩნდა რა ძალაა გიორგი ჩაკვეტაძე, მანამდე ოთარ კიტეიშვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძის და გიორგი მამარდაშვილის როლზე ნაკრებში. მოკლედ, საქართელოს ნაკრებს არ აქვს ბევრი რესურსი, ჰყავს რამდენიმე ძალიან კარგი, შესანიშნავი ფეხბურთელი, მაგრამ არ აქვს მათი სრულფასოვნად შეცვლის არავითარი რესურსი.
ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, რთულია აჯობო ესპანეთს და თურქეთს. თურქეთის ნაკრები გაცილებით გამოცდილი, დიდი რესურსის გუნდია, რომელსაც თითოეულ რგოლში ძალიან მაგარი ფეხბურთელები ჰყავს. რაც მთავარია, გამართულია გუნდური სისტემა და ის შესანიშნავად მუშაობს. ვინჩენცო მონტელაც ძალიან კარგი მწვრთნელია. რატომაც, მას ხშირად დასცინიან, მაგრამ „კატანიაში“, „ფიორენტინაში“, „სევილიაში“ და ახლა თურქეთის ნაკრების ძალიან კარგი შედეგები აქვს - ეს შემთხვევითობა არ იქნება.
მონტელა იქით იყოს და საქართველოს ნაკრებს დავუბრუდეთ: პრობლემები ხელის გულზე ახლა არ გამოსულა, რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, ერთა ლიგის გასულ სეზონში. შესანიშნავი სტარტის მერე (ჩეხეთთან და ალბანეთთან მოგებები), ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ოთხ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა. დღეს, ზუსტად ერთი წელი გავიდა, ალბანეთთან თბილისური და უსახური მატჩიდან. სწორედ ეს მატჩია გუნდის რეგრესის ათვლის წერტილი, თითქოს, მას შემდეგ სანიოლის გუნდმა დაკარგა ის, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მიიღო - ნაპერწკალი, როგორც გუშინდელი მატჩის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა აღნიშნა და სწორადაც: ამ ნაპერწკლის, მუხტის გარეშე საქართველოს ნაკრებს გაუჭირდება. სანიოლმაც ისაუბრა დაახლოებით იმავეზე: ბრძოლისუნარიანობის დაკარგვაზე ბოლო 10 თვის განმავლობაში და მართალია. თითქოს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დაკმაყოფილდა, შეიძლება ეიფორიაშიც დიდხანს მოუწია დარჩენა და კომფორტის ზონა ვერ დატოვა. ამიტომაც, ახლა სასწრაფოდ, ყველაფერი დასავიწყებელი და თავიდან დასაწყებია.
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში შესულია, ამას ვერაფერი წაშლის და შეცვლის: სწორედ მის ხელში გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს, როგორც არ უნდა აფასებდეს ფრანგი სპეცილიასტის მუშაობს. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სანიოლს იმ წარმატებაში, რომელიც ნაკრებს ჰქონდა, არავითარი წვლილი არ ჰქონდა, პირიქით, ჰქონდა და ძალიან დიდიც. თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველაფერი სრულდება, ყველაფერს გასდის ვადა და როგორც ჩანს, სანიოლმაც ნაკრებში ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რომ გუნდს ახალი მესაჭე სჭირდება, რომელიც ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დაიწყებს და იმ დადებით ასპექტებზე დააშანებს თავის მონახაზს, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს.
ბევრი ითქვა და ყოველთვის აზრთა სხვადაოსხვაობაა - ნაკრებმა 5 მცველით უნდა ითამაშოს თუ 4 მცველით. ამ ცვლილებებს, რომელსაც სანიოლი ბოლო პერიოდში მიმართავდა, ვაბრალებდით წარუმატებელ შედეგებს, მე კი, მგონია, რომ ზუსტად ახლა, ეს დიდად არაფერ შუაშია: მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაში დაკარგა, საერთოდ აღარ არსებობს სათამაშო სტრუქტურა, რაც ლოგიკურია იწვევს უამრავ ინდივიდუალურ შეცდომას, აბსოლუტურად ყველა რგოლში - ფეხბურთელებმა თითქოს აღარ იციან მოედანზე თავიანთი დავალებები და როლები. ეს ყველაფერი სათამაშო სისტემის რღვევის ბრალია, სხვაგვარად რთულია ახსნა უამრავი შეცდომა დაცვის ხაზში, მაგრამ მარტო დაცვაზე ყველაფრის დაბრალება სწორი არაა - გუნდს ყველგან უჭირს, ნახევარდაცვაშიც, შეტევაშიც, დაცვიდან შეტევაში გადასვლა უდიდესი პრობლემაა, პრესინგზე თამაში პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მიმდინარე შემოდგომაზე ნაკრების უმეტესი ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იყვნენ და ეს სულაც არაა უმნიშვნელო დეტალი - მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიამაც სეზონი არასტაბილურად დაიწყო, ტრავმებიც ჰქონდა, ჩაკვეტაძე სულაც ტრავმირებულია, გიორგი მამარდაშვილი კარგა ხანს უპრაქტიკოდ იყო, საბა გოგლიჩიძეც, ოთარ კიტეიშვილს ჯერ ტრავმა და შემდეგ პირადი პრობლემები ჰქონდა, გიორგი ქოჩორაშვილსაც „სპორტინგში“ საქმეები იდეალურად არ მისდის, ბუდუ ზივზივაძეს კლუბში ძალიან უჭირს. მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი იყვნენ კარგ ფორმაში ბოლო პერიოდში, ის მიქაუტაძე, რომელიც პრაქტიკულად ყველა მატჩში უბურთოდ დარჩა. რატომ? უკვე ვთქვით: გუნდს სათამაშო სტრუქტურა აბსოლუტურად მორღვეული აქვს. სწორედ ამიტომ იკითხება, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება, რათა ყველაფერი პრაქტიკულად თავიდან დაიწყოს.
ერთიცაა: შესარჩევ ციკლში ჯგუფში ძალიან არ გაგვიმართლა. საკვალიფიკაციო ტურნირში არის ოთხი-ხუთი ჯგუფი, სადაც ყოფნის შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, ნაკრებს უკეთესი შედეგი ექნებოდა. ამ ესპანეთთან და თურქეთთან კი, თავიდანვე უშანსოდ იყო, ეს ჩანდა და დანარჩენი უბრალოდ სურვილია, რომელიც რეალობას სცდებოდა.
უბრალოდ, გავიხსენოთ, როგორ გავიდა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე: საკვალიფიკაციო ეტაპი ჩააგდო და შანსი პრაქტიკულად არ ჰქონია, უბრალოდ, ერთა ლიგის წყალობით, სადაც ჯერ C დივიზიონი მოიგო, ხოლო ლუქსემბურგს და საბერძნეთს (ურთულეს ბრძოლაში) აჯობა. საბერძნეთს, რომელიც კრიზისშია, მოკლედ, პირდაპირ უნდა ვთქვათ - გამართლების მომენტი დიდი იყო. უფრო ძლიერ ნაკრებთან შეიძლება საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოეპოვებინა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არა სისტემური პროგრესით, არამედ კონკრეტული ფორმატის გამო მოხვდა. ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ერთა ლიგის ფორმატის გარეშე, საქართველოსთვის ევრო 2024-ის საზეიმო დღეები არ იქნებოდა. ამიტომაც, იყო მუნდიალზე გასვლის ერთადერთი შანსი ისევ ერთა ლიგის პლეი-ოფი, რომელშიც საქართველო ვერ მოხვდა. ვერ მოხვდა იმიტომ, რომ შარშან ზედიზედ ორი მოგებით დაწყებული ტურნირი კატასტროფულად გააგრძელა და საბოლოოდ, დივიზიონში დასარჩენად სომხეთან პლეი-ოფის თამაში მოუწია.
ამჟამად, საქართველოს ნაკრები ძალიან შორსაა გრანდებისგან, ძალიან სჯაბნის მაჩანჩალებს (რაც რამდენიმე წლის წინ ასე არ იყო), შეუძლია, მარტივად მოუგოს, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის ან სომხეთის კალიბრის ნაკრებებს, იბრძოლოს ჩეხეთის, საბერძნეთის დარ გუნდებთან, მაგრამ არ არის, თურქეთის, ნორვეგიის ან ავსტრიის მსგავსი გუნდების დონეზე - ბევრიც უკლია. ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს, რესურსიდან დაწყებული ბევრი პრობლემით გაგრძელებული. იმის ფონზეც, რა დონის შიდა ჩემპიონატი გვაქვს, საქართველოს ნაკრების შედეგები კიდევ გასაოცარია და ეროვნული ლიგის ძალიან დაბალი დონე ეჭვსაც არ იწვევს.
შესაბამისად, ახლა საქართველოს ნაკრები საშუალო დონის გუნდია, რომელსაც აქვს მომატების პოტენციალი, მაგრამ არც ისე ბევრი რესურსი. თუმცა, რაც არის, იმას სწორი გამოყენება სჭირდება. წლის ბოლომდე კიდევ ორი მატჩია, თითქოს, ფორმალური ხასიათის, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი - გუნდს სასწრაფოდ სჭირდება ხასიათის დაბრუნება, რომლის გარეშეც ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება.