ფეხბურთი

0:30 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

48-და 28 ცნობილია: ვინ იქნება დანარჩენი 20: მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დეტალები

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ნახევარზე მეტი მონაწილე უკვე გარკვეულია.

მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ინგლისმა, ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, კატარმა, სენეგალმა, კოტ დივუარმა, განამ, ეგვიპტემ, კაბო ვერდემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.

ასე რომ, 48-დან 28 მონაწილე ცნობილია, დარჩა 20 ვაკანტური ადგილი, საიდანაც, 15 ადგილს უეფას ზონა აითვისებს, რადგან ევროპიდან ჯერ ოფიციალურად მუნდიალზე მხოლოდ ინგლისია გასული. მოგეხსენებათ, 12 ჯგუფის პირველადგილოსნები პირდაპირ გადიან, მეორე ადგილოსნები და პლუს ერთა ლიგიდან 4 ნაკრები პლეი-ოფში გადავა, საიდანაც 4 ნაკრები გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ჩრდილოეთ ამერიკიდან პირდაპირ კიდევ სამი ნაკრები გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს გაირკვევა ნოემბერში და დარჩება ორი ვაკანტური ადგილი. მარტში მექსიკის ქალაქებში, მონტერეისა და გვადალახარში 6 ნაკრები მოყრის თავს, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად დაიყოფიან და ამ ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ საგზურს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ხსენებულ პლეი-ოფში ითამაშებს ბოლივია და ახალი კალედონია. ოთხი მონაწილე ნოემბერში გაირკვევა: ერთი ემირატებსა და ერაყს შორის მოგებული იქნება, მეორე აფრიკიდან გაბონი, ნიგერია, კამერუნი ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ორიც კონკაკაფის ზონიდან. ჩრდილოეთ ამერიკაში ჯერ ორი ტურია შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე დარჩენილი, ამიტომ, რთული სათქმელია, რომელი ნაკრებები მოხვდებიან პლეი-ოფში. ერთი თვის შემდეგ უფრო მეტი რამ იქნება ნათელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162529