ფეხბურთი

16:28 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ფერმინ ლოპესი და იამალი დაუბრუნდნენ, ფერნან ტორესი კი გამოაკლდა

"ბარსელონა" 18 ოქტომბერს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურში საკუთარ მოედანზე "ჟირონას" უმასპინძლებს. მატჩამდე "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია ამცნო. გერმანელის თქმით, ტრავმები ლამინ იამალმა და ფერმინ ლოპესმა მოიშუშეს და ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნებიან.

"ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება და ბრძოლა მოგვიწევს. თამაში თავიდანვე კარგად უნდა დავიწყოთ და ის შეცდომები აღარ დავუშვათ, რაც "სევილიასთან" მატჩში. სასიხარულოა, რომ ლამინ იამალმა და ფერმინ ლოპესმა ტრავმები მოიშუშეს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს. ისინი ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არიან, მაგრამ ხვალ ჩვენთან ერთად იქნებიან.

ფერნან ტორესს სანაკრებო შეკრებაზე გადაღლილობის გამო კუნთებზე აქვს პრობლემა და სიფრთხილის გამო მას დასვენების საშუალებას მივცემთ. რაც შეეხება რაფინიას და ლევანდოვსკის მდგომარეობას, იმედს ვიტოვებთ, რომ ელ კლასიკოში ჩვენთან ერთად იქნებიან. ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ჩვენთვის კარგი იყო, რადგან ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ და დასვენება კარგი იყო. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის მოგებისთვის იბრძოლოს." - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-თან წააგო, შემდეგ კი სტუმრად "სევილიასთან" დამარცხდა. კატალონიურ კლუბს 8 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილს მადრიდის "რეალი" იკავებს 21 ქულით.

0.079434