რაგბი

15:57 | 18.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 29:35 არესი

ქუთაისის ‘არესმა’მოქმედ ჩემპიონ ‘ბათუმს’ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა. სტუმრებმა მატჩის მიწურულს მასპინძელთა უყურადღებობით ისარგებლეს, საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და 35:29 გამარჯვებით „სარბიელის სინი“ ქუთაისში დააბრუნეს.

სეზონის სტარტზე სინს ‘აია’ ფლობდა და მესამე ტურში ის ‘ლელოს’ გადაულოცა, საიდანაც ერთ კვირაში ბათუმში აღმოჩნდა, ახლა კი კვლავ ქუთაისში, ოღონდ უკვე ‘არესის’ ოფისში აღმოჩნდა.

crocobet დიდი 10-ის მეექვსე ტურს ‘ბათუმი’ დაუმარცხებელი შეხვდება, თუმცა ‘არესთან’ გამართული დრამატული მატჩის 75-ე წუთზე დაშვებული შეცდომა წარმატებული სერიის შეწყვეტის ფასად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, ზღვისპირელებს მოპოვებულმა ნუგეშ-ქულამ ლიდერობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. მას ახლა 23 ქულა აქვს და ‘არესი’ 22 ქულით უდგას კვალში. ისიც აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ მდევარ ‘აიას’ მეექვსე ტურის თამაში ხვალ ელის და მისმა შედეგმა შესაძლოა ლიდერთა მდგომარეობაზე გავლენა იქონიოს.

„ბათუმი არენაზე“ გამართული შეხვედრა დრამატული და კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში ცდილობდა თამაშს და ფაზებს კარგად კინძავდა. მასპინძლებს დერეფანში უჭირდათ, მაგრამ 15-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და დაწინაურება მაინც მოახერხეს, მერე კი საბედისწერო შეცდომა დაუშვეს და გამარჯვება სტუმრებს დაუთმეს.

‘ბათუმი’ დებიუტშივე დაწინაურდა. ზღვისპირელებმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ, მაღალ ტემპში შეუტიეს და დიდი მანძილი მოიგეს, 5-მეტრიანთან მათი იერიში ოდნავ შეყოვნდა, თუმცა რამდენიმე ფაზის შემდეგ პიტერ ვილიამსმა ხაზი გაჭრა და მისი ლელო ვაჟა მიქაძემ გარდასახა. ‘არესმა’ მალე უპასუხა. დავით კვირიკაშილმა 10-მეტრიან წყვეტილთან სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა, ცოტნე კვესელავამ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

‘არესმა’ იერიშები გააგრძელა, 5-მეტრიანი დერეფნიდან ძალისმიერ სტილში ორჯერ შეუტია, მეორე ჯერზე რეზი ბაკურაძემ ლელო გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ‘ბათუმს’ წონასწორობის აღდგენის შანსი მალევე ჰქონდა, მაგრამ ფეხით შეცურებული ბურთი ზედ ლელოს ხაზთან ზურაბ ძნელაძემ ვერ დაიმორჩილა.

ტაიმის შუაში კვესელავამ შორიდან გატანილი ჯარიმით ‘არესის’ უპირატესობა გაზარდა, ხოლო 28-ე წუთზე მორიგი ლელო გაიტანა. მასპინძლები ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას ცენტრის სიახლოვეს შეცდნენ და მას არსენ მაჩალაძე დაეუფლა, ელგუჯა მარგველაშვილმა ზაალ ცქიფურიშვილს გადაცემა არ დაუგვიანა, რომელიც შეტევაში მარცხენა ფრთიდან ჩაერთო და ლელომდე დაახლოებით 25 მეტრი სწრაფად დაფარა. კვესელავამ რთული პოზიციიდან გარდასახა.

ტაიმის დასკვნით 10 წუთში სოლომონი რაუნგეს სინბინის შემდეგ ქუთაისელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ და’ბათუმმა’ მეტობა ზედ შესვენების წინ გამოიყენა. მასპინძლებმა 5-მეტრიანი შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაიტანეს, ზურა ნინიძე მბოჭავს დაუსხლტა და მისი ლელო მიქაძემ გარდასახა - 14:22.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ბუბა ნოზაძემ და კვესელავამ ჯარიმები გაცვალეს, დასკვნითი 20 წუთი კი მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. 65-ე წუთზე ‘ბათუმმა’ მეტოქის 22-ში მოპოვებული დერეფნიდან შეუტია, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და რომა მახათაძემ ალამთან ლელო აკრობატულ ნახტომში გაიტანა. ბუბა ნოზაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. თამაში რომ განახლდა ქუთაისელები ფეხით გადაკიდებლ ბურთზე თამაშისას შეცდნენ, ნოზაძემ ფეხით სამჯერ ითამაშა და ოვალი ლელოში დაამიწა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და კვესელავამ 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ქუთაისელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ორიოდე წუთში რთული პოზიციიდან შესრულებული მისი ჯარიმა ჰორიზონტალური ძელის ქვეშ გაძვრა, ‘ბათუმელები’ სიტუაციაში ვერ გაერკვნენ შოთა ხელაძე ლელოს გაიტანდა, მაგრამ ოვალს ხელი ნოზაძემ წაკრა. გვერდით მსაჯებთან თათბირის შემდეგ მთავარმა მსაჯმა შოთა თევზაძემ ნოზაძე გაასინბინა და ‘არესის’ სასრგებლოდ საჯარიმო ლელო ჩასტვინა. ‘ბათუმმა’ სცადა მატჩის გადარჩენა, თუმცა სტუმრებმა თავი დაიცვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 35:29.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ბათუმის’ მგეზავი, შეცვლაზე შესული ბუბა ნოზაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096293