დასრულდა სუპერლიგის მეორე ტური და ცხრილის სათავეში მყოფ კავკასიასა და ქუთაისს გორის ივერიონი შეუერთდა. გორელებმა გასვლითი მატჩი ზესტაფონში მოიგეს, სადაც “მარგვეთი” 94:80 (სტატისტიკა) დაამარცხეს. შიდაქართლელებმა პირველი ტურის მატჩში შინ ვსა დაამარცხა და ლიდერთა სამეულშია.
ივერიონს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. მხოლოდ მესამე პერიოდი, ისიც 3 ქულით დათმო, დანარჩენებში კი დამაჯერებლად იმარჯვა. შესაბამისად, საბოლოო სხვაობაც საკმაოდ სოლიდური გამოვიდა, რაც უპირველესად გორელთა აფრო-ევროპელი ცენტრის – მუბაშარ ალის დამსახურებაა, რომელიც ფინეთის მოქალაქეა. ალიმ ფარქვეშეთი დაიპყრო და საბოლოოდ 22 ქულა, 12 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.
რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, 17 ქულა ენდრუ ლიუისმა, ხოლო 12 – ვლადიმერ თავაქარაშვილმა მოაგროვა. ზესტაფონელთაგან საუკეთესო იყო ჯეილენ ჰილი 24 ქულით, 14 ქულა სანდრო სანაძის ანგარიშზეა.
ტურის ბოლო შეხვედრა დიღომში, ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გაიმართა, სადაც ვსა-მ “რაშს” უმასპინძლა და 83:75 (სტატისტიკა) დაამარცხა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა “რაშმა” იბრძოლა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ამაში ვსა-ს მოთამაშეების გამართულმა და შედეგიანმა გარჯამ შეუშალა ხელი. ვსა-მ დიდებული მეორე პერიოდი ჩაატარა და ამის ხარჯზე პირველი ნახევარი დამაჯერებლად – 46:34 მოიგო. მესამე ათწუთეულში ანდრე უეირისა და ტრევონ ტომასის მეოხებით რაშმა ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ სიტუაცია არ დაძაბულა.
ვსა დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე პირველ ტურში გორში წაგების შემდეგ ბალანსი გაითანაბრა. გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ანზორ ნადირაძე. 14 ქულა და 3 პასი ლუკა ლიკლიკაძემ მოაგროვა, ლუკა კალატოზიშვილმა კი მოხსნებში მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა. მის ანგარიშზე 19 მოხსნა და 9 ქულა იყო. რაშის ლიდერ ანდრე უეირს 20 ქულა და 16 მოხსნა დაუგროვდა. 19 ქულა და 6 მოხსნა ტრევონ ტომასის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-3 ტური 24, 25 და 26 ოქტომბერს – გურჯაანში, თბილისში, გორსა და ბათუმში გაიმართება.
GBF.GE









