ფეხბურთი

10:24 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინა“ მძიმე დღეშია

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკი კომისო ქართველი რომ იყოს, უეჭველად პოლიტიკოსი იქნებოდა, რადგან უნიკალური თვისება აქვს, საათობით იყბედოს და საბოლოო ჯამში მაინც არაფერი თქვას ისეთი, რაც ხალხს, ამ შემთხვევაში გუნდსა და მის ქომაგებს, სჭირდებათ და რამეში გამოადგებათ.

ყბედობა ერთია და პატივცემული კომისო საქმეშიც სწორედ ისეთია, ქართველი პოლიტიკოსის ქცევას რომ შეეფერება. ყოველი სეზონის წინ ირწმუნება, საუკეთესო ფეხბურთელებს ვიყიდითო და საბოლოოდ ისე ხდება, რომ გუნდის ლიდერები მთავარ „მოსისხლე“ კლუბებში მიდიან, მათ აძლიერებენ და მერე ვითომც აქ არაფერიო, ქომაგებს იმაში არწმუნებენ, რომ „ფიორენტინამ“ ამჯერად ახალგაზრდებზე უნდა გააკეთოს სწორება და საერთოდ „არაფერში სჭირდებათ“ მაგალითად ფედერიკო კიეზა, დუშან ვლაჰოვიჩი ან ფედერიკო ბერნანდესკი.

ვინჩენცო იტალიანოს მწვრთნელობისას კლუბმა ზედიზედ ორჯერ გააღწია კონფერენს ლიგის ფინალში, რაც „ვიოლას“ კალიბრის და შესაძლებლობების გუნდისთვის მიღწევად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად ორივე ფინალის წაგებისა. იმის ნაცვლად, რომ ორ ფინალში მარცხის მიზეზები გამოეკვლიათ, გუნდი უფრო გაეძლიერებინათ, რათა ბოლოს და ბოლოს იქნებ ეს მესამეხარისხოვანი თასი მაინც ჩაეტანათ მოყანყალებულ „არტემიო ფრანკიზე“, ადგნენ და ამ მცირე, მაგრამ მაინც ხელშესახები წარმატების შემოქმედი მწვრთნელი „ბოლონიაში“ გაუშვეს (რომელიმე გრანდში რომ გაეშვათ, კიდევ გასაგები იქნებოდა) და ისეთი ხალხი მოიყვანეს, მწვრთნელებით სახელგანთქმულ იტალიაში ნამდვილად უნდა მოინდომო, რომ იპოვო და გუნდის მესაჭეობა ანდო.

აი, მაგალითად, „ფიორენტინას“ ბოლოს წინა მწვრთნელი, რაფაელე პადალინო რომ გავიხსენოთ. ვინ იყო იგი თუ არა ერთი ჩვეულებრივი შარლატანი, რომელმაც ვერც „მონცაში“ ამტვრია კრამიტები და მანამდე ტურინის „იუვენტუსში“ ბავშვთა მწვრთნელის სტატუსს არასოდეს გასცდენია.

„იების“ ამჟამინდელი მწვრთნელი სტეფანო პიოლი ცნობილი და გამოცდილი ნამდვილადაა, მაგრამ ჯერ ერთი, არც მის მიერ აქამდე გაწვრთნილი გუნდები იყვნენ რაიმე სახით გამორჩეულები და თან ისიც გაურკვეველია, რა უნდა მოახერხოს ახლანდელ „ფიორენტინაში“, სადაც გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობა ან იჯარით იმიტომ გადავიდა სხვა გუნდიდან, რომ იქ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ან უბრალოდ ასაკოვანია და სხვა მსურველი კლუბი ვერ მონახა, ანდა მოიზეკინისთანა ხასიათის ფეხბურთელია. ხსენებული „ბატონიშვილი“ თუ ხასიათზე არაა, შეიძლება მთელი თამაში მოედნის ცენტრში იდგეს და ხელების შლის მეტი არაფერი აკეთოს.

ამჟამად „ფიორენტინა“ იტალიის სერია „ა“-ს ცხრილში 0 მოგებით გასავარდნ ზონაშია და სამწუხაროდ, არც სამომავლოდ ჩანს რაიმე სასიკეთო ძვრების იმედი. მიუხედავად იმისა, რომ ფლორენციულ გუნდს ამაზე ბევრად უარესი პრობლემები და გასაჭირი გადაულახავს და ასე თუ ისე მაინც გამომძვრალა სიტუაციიდან, ახლანდელი ვითარება როკი კომისოს ხელში რაც არის, ქომაგებს არც დღეს და არც სამომავლოდ მისცემს ოპტიმიზმის საშუალებას.

როდესაც სატრანსფერო ფანჯრების დროს სხვა კლუბები უკვე არა მილიონებს, მილიარდ ევროზე მეტს ხარჯავენ, როდესაც ყველა ესწრაფვის საუკეთესო მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების მოძიებას, როცა თვით „უდინეზემაც“ კი აიშენა ახალი, თანამედროვე სტადიონი და შენ ვერც ინფრასტრუქტურის მხრივ განვითარდი, ღმერთის გარდა რისი და ვისი იმედი უნდა გქონდეს სამომავლოდ?

არადა, შარშანწინ სულ სხვა ვითარება იყო გუნდში და სულ სხვა ფიქრი აწუხებდა ფლორენციელ ქომაგებს. მაშინ ამგვარ მდგომარეობაში ჩავარდნას ვერც კი წარმოიდგენდნენ...

თეგებიფიორენტინა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087356