რაგბი

12:05 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 40:12 არმია

ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘არმიას’ ბონუს-ქულით, 40:12 სძლია და სატურნირო ცხრილში ლიდერ ‘ბათუმს’ გაუტოლდა.

crocobet დიდი 10-ის მეექვსე ტურის მეორე შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. მასპინძლები სრულად დომინირებდნენ და 6 ლელო გაიტანეს. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. ზურა ხუციძემ ცენტრში გაჭრა ხაზი, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და 22-ში შევიდა, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და საბა შარვაშიძემ ლელო გაიტანა. მომდევნო 10 წუთში არმიელთა მგეზავ გიორგი თევდორაძეს ორი ჯარიმა გაუცუდდა.

მე-15 წუთზე ‘აიამ’ უპირატესობა გაზარდა. დერეფანში არცთუ კარგად აგდებულ ბურთს ჯიუტა მბატირერენგა მაინც დაეუფლა და ლელოში ელგუჯა მახარეიშვილს შეაყოლა, რომელმაც გარდასახვა თავადვე შეასრულა. ტაიმის შუაში ‘არმიამ’ სახიფათოდ შეუტია და რომ არა წესების დარღვევა ლელოს აუცილებლად გაიტანდა. შედეგად, გიორგი ფრუიძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ‘აია’ კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.

შესვენებამდე 2 წუთით ადრე ქუთაისელებმა შეტევა დერეფნიდან გაშალეს და ნიკა ღლონტმა თავისი გუნდის მესამე ლელო მიითვალა, ხოლო მახარეიშვილმა გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 19:7.

53-ე წუთზე ‘აიამ’ 5-მეტრიანთან დანიშნული შერკინებიდან შეუტია და სამი ფაზის შემდეგ ლელო პაატა ჩაკვეტაძემ მიითვალა, 10 წუთის შემდეგ კი მასპინძლების ხელდახელ, ლამაზი შეტევა საბა ლაღაძის ლელოთი დასრულდა. მახარეიშვილმა ორივე გარდასახა. მატჩის მიწურულს მერლს პიტერსმა ერთი ლელო გაქვითა, თუმცა ‘აიამ’ იქვე მძლავრი მოლით უპასუხა, საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და თამაში 40:12 მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ელგუჯა მახარეიშვილი გახდა. მისი ‘აია’ 23 ქულით ‘ბათუმს’ გაუტოლდა და მასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ლიდერებს 1 ქულით ჩამორჩება ქუთაისის ‘არესი’. ‘არმიას’ 6 ქულა დარჩა და ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097616