რაგბი

20:11 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | გორი 23:29 ხვამლი

თბილისის ‘ხვამლმა’ გორის „ჭალის სტადიონზე“ ადგილობრივ ‘გორს’ 29:23 სძლია და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაბრუნდა.

crocobet დიდი 10-ის მეექვსე ტურს გუნდები ერთმანეთის მეზობლად, თუმცა განსხვავებული შედეგებით შეხვდნენ. ‘გორს’ ბოლო ორი თამაში მოგებული ქონდა, ‘ხვამლს’ კი პირიქით, ზედიზედ ორი მარცხი უფიქსირდებოდა. მუხიანელებმა შეძლეს მატჩის გარკვეული მონაკვეთის მაღალ დონეზე ჩატარება და მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება, თუმცა ‘გორმა’ ბოლომდე იბრძოლა და ჩამორჩენის შემცირებით ნუგეშ-ქულა დაიმსახურება.

თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და მაყურებელმა რამდენიმე ლამაზი ლელო იხილა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და ორივე მხარეს ხაზიც არაერთხელ გაიჭრა. თამაში თბილისელების შეტევებით დაიწყო, თუმცა სერგი ჩხაიძემ ლუკა თოდუას ბურთი ხელიდან გამოსტაცა და კონტრშეტევა წამოიწყო, ცენტრალური ხაზი რომ გადაკვეთა ფეხით ითამაშა და ოვალთან პირველი გიორგი ჯობავა გაჩნდა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი მეორე წუთზევე დაალელოვა, ჩხაიძემ კი გარდასახა.

სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს და უკვე მე-5 წუთზე ზურა ქობელაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. მე-9 წუთზე ჩხაიძემ 40 მეტრიდან არეკნი ააცილა, რასაც ქობელაშვილის ცენტრიდან გაცუდებული ჯარიმა მოყვა. ‘ხვამლი’ ინიციატივას ფლობდა, მრავალფეროვნად უტევდა და გიორგი ვარდოსანიძემ 26-ე წუთზე გატანილი ლელოთი სტუმრები დააწინაურა. თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და 35-ე წუთზე ჩხაიძემ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ‘გორს’ ტაიმი 10:8 მოაგებინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ხვამლმა’ ხელდახელ კარგი შეტევა განახორციელა, ბურთი ფრთაზე საბა არაგველამდე ჩათამაშდა და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მელელოვემ შანსი ხელიდან არ გაუშვა. ქობელაშვილმა გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 51-ე წუთზე არაგველმა მაღალ სიჩქარეზე ხაზი კიდევ ერთხელ გაჭრა, სამ მცველს გვერდი აუარა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. ეს მისი მეშვიდე ლელოა განვლილ 6 ტურში.

მუხიანელებმა თამაშის რიტმი იგრძნეს, შეხვედრის განახლებისთანავე საკუთარ ნახევარზე ხაზი უკვე თორნიკე ბაიხოიძემ გაჭრა, ორ მცველს გასცდა და 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. ქობელაშვილმა ორივე გარდასახა - 10:29.

ახლა ‘გორი’ გააქტიურდა, რამდენჯერმე შექმნა ხიფათი და ინიციატივა საფინალო სასტვენამდე ხელიდან აღარ გაუშვია. 62-ე წუთზე თავისი წილი ლამაზი ლელო ჯობავამ გაიტანა, რომელმაც მოშიშვლებულ ზურგში ბურთი მოზომილად შეიგორა, მას თავადვე დაეუფლა და მასპინძლების მეორე ლელო გაიტანა. გაცუდებული გარდასახვის მიუხედავად გორელებმა გააფთრებული იერიშები გააგრძელეს და 73-ე წუთზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, ყვითელი ბარათი გიორგი კურტანიძემ დაიმსახურა.

ამით შიდა ქართლელებმა კარგად ისარგებლეს და 1 წუთში აგორებული მოლი ტარიელ ბერუაშვილის ლელოთი დასრულდა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘გორს’ მატჩის გადარჩენის შანსი აღარ შერჩა, ჩხაიძემ გაწითლებულ დროზე კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა - 23:29. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ვარდოსანიძე გახდა.

6 ტურის შემდეგ ‘ხვამლს’ 16 ქულა მოუგროვდა და მეოთხე ადგილზე დაბრუნდა. ‘გორს’ 11 ქულა გაუხდა, ‘ხარებს’ გაუტოლდა და მასთან მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090659