ინგლისის პრემიერლიგის მერვე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება და ისევ დამარცხდა.
არნე სლოტის გუნდი კრიზისშია, რადგან ყველა ტურნირის გათვალისწინებით უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
„ენფილდზე“ „მანჩესტერისთვის“ ყველაფერი იდეალურად დაიწყო, რადგან მეორე წუთზე ანგარიში ბრაინ მბუემომ გახსნა. „წითლები“ დიდხანს აგებდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ფედერიკო კიეზას პასით კოდი გაკპომ გაიტანა და გაათანაბრა. თითქოს, „ლივერპულს“ მოგებაზე უნდა გაეწია, მაგრამ პირიქით მოხდა - გაუშვა. 84-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა დალაშქრა მეტოქის კარი და რუბენ ამორიმის გუნდმა 2:1 მოიგო.
გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ორი სეივი ჰქონდა. გაშვებულ გოლებში გიორგის ბრალი არ მიუძღვის. ქართველი მეკარის აქტივში "ლივერპულში" ოთხი მატჩია.
„ლივერპული“ კონკრეტულად პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (ყველა ტურნირზე მეოთხედ), შედეგად, 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 13 ქულით მეცხრეა და „ბრაიტონს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ ამორიმის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო. გარდა ამისა, "ენფილდზე" "იუნაიტედმა" 2016 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
„ლივერპული“ – „მანჩესტერი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 მბუემო (2), 1:1 გაკპო (78), 1:2 მაგუაირი (84)