ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ "მერსესაიდელთა" კაპიტანმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვირჯილ ვან დაიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.
"მეორე გოლის დროს ძალიან უყურადღებოდ ვითამაშეთ და შრომა, რომელიც თამაშში დასაბრუნებლად გავწიეთ წყალში ჩაგვეყარა. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა საერთო ჯამში, რომ შევხედოთ რიგ მომენტებში ძალიან ვჩქარობდით და საკვანძო მომენტებში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ამასთან ერთად, როდესაც ბურთს ვკარგავდით ძალიან ინერტულები ვიყავით. საერთო ჯამში ძალიან იმედგაცრუების დღე იყო, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის.
ახლა პირველ რიგში საჭიროა, რომ ვიყოთ თავმდაბლები, გავაგრძელოთ შრომა და შევეცადოთ შევინარჩუნოთ თავდაჯერებულობა, რადგან ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ შეიძლება, რომ ეს დაკარგო. ჩვენ სეზონიდან მოვდივართ, სადაც ყველაფერი წარმოუდგენელი იყო და ყველა ყველას აქებდა, პოზიტიურად იყო განწყობილი, ჩვენ ჩემპიონები გავხდით და ყველა მხარს გვიჭერდა. როდესაც საქმე რთულდება, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ იგივე მენტალიტეტი, რომ ერთმანეთის გვერდით ვიყოთ და რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ." - განაცხადა ვირჯილ ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ კონკრეტულად პრემიერლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა (ყველა ტურნირზე მეოთხედ), შედეგად, 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 13 ქულით მეცხრეა და „ბრაიტონს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ ამორიმის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო. გარდა ამისა, "ენფილდზე" "იუნაიტედმა" 2016 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.