რაგბი

22:15 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 36:26 ლელო

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ crocobet დიდი 10-ის მეექვსე ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისის ‘ლელოს’ 36:26 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აქამდე ‘ყაზბეგი’ ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც ახალ სეზონში გამარჯვება არ ქონდა. „ავჭალაზე“ გამართულ დაძაბულ შეხვედრაში სტეფანწმინდელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის შუაში მოიპოვეს და სტუმრების მცდელობის მიუხედავად, საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

შედეგად, ‘ყაზბეგს’ 7 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია (მე-9 ადგილი). ‘ლელომ’ მატჩის მიწურულს გაშვებული ლელოთი ნუგეშ-ქულაც დაკარგა და 9 ქულით მე-8 ადგილზე რჩება.

ანგარიში მატჩის დებიუტში ‘ლელოს’ ფულბეკმა გიორგი ბოლქვაძემ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გახსნა, რაზეც მე-11 წუთზე ოთარ ტალახაძემ ჯარიმითვე უპასუხა. ორიოდე წუთში მასვე ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, საპასუხოდ კი ‘ლელომ’ ხელდახელ ბურთაობით დიდი მანძილი დაფარა და სანდრო ჯიღაურმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. ბოლქვაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ტაიმის შუაში კი 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა.

ტაიმის ბოლოს ‘ყაზბეგი’ გააქტიურდა და 2 წუთში ტალახაძის მიერ გატანილი ორი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 9:10.

მეორე ტაიმი ლევან ქუშაშვილის სინბინის გამო ‘ყაზბეგმა’ კაცნაკლულმა დაიწყო, თუმცა პირველსავე წუთზე ლუკა სახელაშვილმა ინტერვალში შეუტია და მასპინძლები ლელოთი დააწინაურა. ტალახაძემ გარდასახა. მომდევნო 15 წუთში ბოლქვაძემ ორი, ხოლო ტალახაძემ ერთი ჯარიმა გაიტანა, მერე კი სტეფანწმინდელებმა კარგად გაშალეს ბურთი, ლუკა ალიბეგაშვილი ფრთაზე მარტო დატოვეს და მისი ლელო ტალახაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა - 26:16.

ტაიმის შუაში რობერტ სავოიანის სინბინის შემდეგ ‘ყაზბეგი’ კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული და ბოლქვაძემ გასატანი პოზიციიდან სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. ტალახაძემ ჯარიმითვე 69-ე წუთზე უპასუხა. ‘ლელო’ არ დანებდა და 74-ე წუთზე ლელო გაიტანა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს ლევან ბაჩილავა დროულად მოწყდა და ბოლქვაძემ გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ ‘ყაზბეგმა’ ამჯერადაც უპასუხა, შოთა ნაჭყებიამ ლელო 78-ე წუთზე გაიტანა, რასაც ტალახაძის ზუსტი გარდასახვა მოყვა და თამაში 36:26 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ალიბეგაშვილი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099802