საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „იბერია“ 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძლები მე-19 წუთზე ალეკო ბასილაძის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა. სულ მალე ვარლეიმ ქუთაისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. „იბერიამ“ ტაიმის ბოლოს ბაქარ ქარდავას გოლით შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტი ვერ მოახერხა.
მატჩის მიწურულს ფელიპე პირესმა სხვაობა ორბურთიანი გახადა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ტორპედო“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და „თელავს“ დაუპირისპირდება, ხოლო „იბერია“ 59 ქულით მეორეა და უშუალო კონკურენტ გორის „დილას“ შეხვდება.
„ტორპედო“ – „იბერია“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ბასილაძე (19), 2:0 ვარლეი (31), 2:1 ქარდავა (41), 3:1 პირესი (90)






