„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად „ლევერკუზენი“ 7:2 გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა (ამ ტურნირზე), ხოლო ხვიჩა კვარაცხელია გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველმა ფეხბურთელმა გერმანულ გუნდთან შესანიშნავად ითამაშა. თუმცა, სანამ კვარა გაიბრწყინებდა, მანამდეც ბევრი რამ მოხდა მოედანზე: პსჟ ვილიან პაჩომ დააწინაურა, რასაც ალექს გრიმალდოს გაცუდებული პენალტი მოჰყვა. 31-ე წუთზე რობერტ ანდრიხი გააძევეს და პსჟ-მ უპირატესობა მიიღო. თუმცა, სულ მალე უკვე პარიზელებს გაუგდეს ილია ზაბარნი, თან მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ამჯერად ალეშ გარსიამ შეასრულა და ზუსტადაც. ანგარიში გათანაბრა, მოედანზე გუნდები თანაფარდობაში იყვნენ.
თუმცა, „ლევერკუზენზე“ ამან კარგად ვერ ომოქმედა. 41-ე წუთზე კვარაცხელიას საგოლე პასით დეზირე დუემ მეორე დააწინაურა პსჟ, ხოლო სამ წუთში კვარამ გაიტანა ლამაზი გოლი, როდესაც ბურთი ორივე ძელს მოხვდა და შემდეგ შევიდა ბადეში. ეს კვარას მეორე გოლია მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში - მეშვიდე.
პირველ ტაიმში პსჟ-მ მეოთხეც გაიტანა, დუემ დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმშიც გავიდა გოლები: ჯერ ნუნუ მენდეშმა გაიტანა, მერე გარსიამ დუბლი შეასრულა, ხოლო უსმან დემბელემ მეექვსედ დაამწუხრა მეტოქე. სხვათა შორის, დემბელე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და თამაშში 63-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად ჩაერთო. საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე ვიტინიამ შორეული დარტყმით დააფიქსირა (2:7).
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ყველა შედეგიანი მოქმედება მას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს.
„პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში 4 ნოემბერს, მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს.
„ლევერკუზენი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 2:7 (1:4)
გოლები: 0:1 პაჩო (7), 1:1 გარსია (38, პენ), 1:2 დუე (41), 1:3 კვარაცხელია (44), 1:4 დუე (45), 1:5 მენდეში (50), 2:5 გარსია (54), 2:6 დემბელე (66), 2:7 ვიტინია (90)









