„ლივერპულმა“ ზედიზედ 4 წაგების შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა. არნე სლოტის გუნდმა ფრანკფურტში, „აინტრახტი“ 5:1 გაანადგურა.
არადა, გერმანელები 26-ე წუთზე კრისტენსენის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, შემდეგ „წითლები“ დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყვიტეს, როდესაც უგო ეკიტიკემ, ვირჯილ ვან დეიკმა და იბრაჰიმა კონატემ გაიტანეს. ინგლისელებმა მეორე ტაიმში გააგრძელეს მეტოქის რბევა, გოლები კოდი გაკპომ და დომინიკ სობოსლაიმ შეაგდეს. გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ლისაბონის „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „მარსელი“ 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრანგებმა იგორ პაიშაოს ლამაზი გოლით მოიგეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს სიმულაციისთვის სტუმრებს ემერსონი გაუძევეს, რითაც ლისაბონელებმა ისარგებლეს.
მეორე ტაიმში კატამომ გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე ალისონ სანტოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო და ისევ არ მიეცა თამაშის შესაძლებლობა.
„სპორტინგს“ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „იუვენტუსს“ სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო „მარსელის“ აქტივში 3 ქულაა და „ატალანტას“ უმასპინძლებს.
„ლივერპულ“ 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში „რეალს“ უმასპინძლებს. „აინტრახტი“ 3 ქულითაა და „ნაპოლის“ სტუმრად შეხვდება.