ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი ჯუდ ბელინგემის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 58-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. „რეალი“ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად მოიგო, მაგრამ უშანსოდ არც „იუვე“ ყოფილა, 0:0-ზეც ჰქონდა მომენტები და 0:1-ზეც და ფრე რომ ეთამაშა, უსამართლობა არ იქნებოდა.
„რეალს“ 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ლივერპულს“ ესტუმრება, ხოლო „იუვენტუსს“ რთული სტარტი აქვს, მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და „სპორტინგს“ უმასპინძლებს.
მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბრიუგე“ 4:0 გაანადგურა და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. გერმანული გუნდიც უდანაკარგოა, მომდევნო შეხვედრას კი „პარი სენ-ჟერმენთან“ გასვლაზეც გამართავს. „ბრიუგე“ 3 ქულით იწონებს თავს, წინ „ბარსელონასთან“ მატჩი აქვს.
ლონდონის „ჩელსიმ“ შინ ამსტერდამის „აიაქსი“ 5:1 გაანადგურა. ნიდერლანდელები პირველივე ტაიმში 10 კაცით დარჩნენ და ინგლისურ კლუბს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, რაც გასაკვირი არაა. „ჩელსიმ“ 6 ქულა დააგროვა, „ყარაბაღხს“ ესტუმრება, ხოლო „აიაქსი“ უქულოდაა და „გალათასარაის“ შეხვდება.
ორი მატჩი უგოლოდ დასრულდა: „ატალანტა“ „სლავიას“ დაუზავდა, ხოლო „მონაკო“ – „ტოტენჰემს“. „ატალანტას“ 4 ქულა აქვს, „ტოტენჰემს“ 5, „მონაკოს“ 2 და „სლავიას“ 2.









