ევროპა ლიგის მესამე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „სელტიკს“ ესტუმრა, რომელთანაც 1:2 დამარცხდა.
გრაცელებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, 30-ე წუთზე კი კიტეიშვილი ახლოს იყო გოლის გატანასთან და სხვაობის გაორმაგებასთან, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმში „სელტიკმა“ სამწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და გაიმარჯვა. „შტურმი“ ევროპა ლიგაზე 3 ქულით 27-ე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 ნოემბერს, „ნოტინგემს“ უმასპინძლებს.
კონფერენს ლიგის მეორე ტურში „კრაიოვამ“ სომხურ „ნოასთან“ ქულა მოიპოვა (1:1), ხოლო ანზორ მექვაბიშვილმა საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ნახევარმცველის პასით 38-ე წუთზე მონდეი ეტიმმა გაიტანა და ანგარიში გახსნა.
„კრაიოვას“ ორ ტურში 1 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 6 ნოემბერს, ვენის „რაპიდს“ ესტუმრება.
შვეიცარიულმა „ლოზანამ“ სტუმრად მალტური „ჰამრუნი“ 1:0 დაამარცხა, გაბრიელ სიგუა კი ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. „ლოზანას“ 6 ქულა აქვს და 6 ნოემბერს, „ომონიას“ უმასპინძლებს.









