რუსთავის ‘ხარებმა’ crocobet დიდი 10-ის მეშვიდე ტურში მიმდინარე გათამაშების ლიდერს, ქუთაისის ‘აიას’ 26:17 სძლია და 4-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
‘აიას’ 23 ქულა დარჩა და ჯერჯერობით კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა მისი მდევრები ტურის შეხვედრებს ხვალ გამართავენ და შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ‘ხარებს’ 15 ქულა გაუხდა და მე-6 საფეხურზე დაწინაურდა.
გასული სეზონის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გუნდების დაპირისპირება საინტერესო საყურებელი გამოდგა. თამაშს არ აკლდა ტემპი და დაძაბულობა. ორივე გუნდი ხელდახელ სწრაფი შეტევებით ცდილობდა უპირატესობის მიღებას და ეპიზოდები დახუნძლული იყო ოფლოუდებით.
„ხარები არენაზე“ თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ‘აია’ ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა და დავით მოძღვრიშვილმა მასპინძლები დააწინაურა. გიორგი ბაბუნაშვილს საპასუხო ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან გაუცუდდა, თუმცა თამაში რომ განახლდა ‘აიამ’ ხელდახელ მაღალ ტემპში შეუტია, ფეხით შეცურებულ ბურთს თემურ კოხოძე მიყვა და ლამაზი ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.
მე-15 წუთზე მაყურებელმა ქუთაისელთა მეორე სანახაობრივი ლელო იხილა. სტუმრებმა დერეფნის შემდეგ ხელდახელ ბურთაობით დაახლოებით 40 მეტრი დაფარეს და ჯიუტა მბატირერენგამ თავისი წამოწყებული იერიში 5 ქულით დაასრულა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა. თამაში ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა, ტაიმის შუაში ‘აიამ’ კიდევ ერთხელ შეძლო ხაზის გაჭრა და ლელოს გატანა, თუმცა ის წინპასის გამო ვიდეო-რეფერიმ გააუქმა.
ამან მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა. მათ შეძლეს შეტევებში ფაზების აკინძვა და 26-ე წუთზე 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს. მაღალი ბოჭვისთვის ყვითელი ბარათით ლუკა შენგელია დაისაჯა და მოძღვრიშვილმა კარის წინ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. 36-ე წუთზე ‘ხარებმა’ ერთხელაც ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით, მოლის შემდეგ მორკინალებით შეუტია და გელა მახარაშვილმა თანაგუნდელის დახმარებით ძალისმიერი ლელო შეიტანა. მოძღვრიშვილმა გარდასახვით რუსთაველებს ლიდერობა დაუბრუნა - 13:12.
‘ხარებმა’ ძალისმიერ თამაშში უპირატესობა იგრძნო, მეორე ტაიმის დასაწყისში დერეფნიდან შეუტია და რამდენიმე მიძალების შემდეგ ხვიჩა ბუჯიაშვილმა ლელო, მოძღვრიშვილმა კი გარდასახვა გაიტანა. მასპინძლებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება და ტაიმის შუაში მაიკელი როკონდინონოს კარგი გარღვევა ლელოთი დასრულდებოდა, რომ არა გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც საუცხოო ბოჭვის შემდეგ თამაშის წესები დაარღვია და სინბინით დაისაჯა, ხოლო მოძღვრიშვილმა ახლოდან ჯარიმა გაიტანა.
‘აიამ’ მარცხის საფრთხე იგრძნო, ჯარიმები კარში არ დაარტყა და 68-ე წუთზე გიგი ჭუმბურიძემ ძალისმიერი ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა. დასკვნით წუთებში დაძაბულობამ პიკს უწია და შოთა თევზაძემ ქუთაისელ გიორგი ფრუიძეს და რუსთაველ როკონდინონის ყვითელი ბარათები უჩვენა. მოძღვრიშვილმა ანგარიშის შეცვლის შანსი ორჯერ მიიღო, მეორე ჯარიმა გაიტანა და ‘აია’ ნუგეშ-ქულის გარეშე დატოვა - 26:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ მესამეხაზელი ბექა გელხვიძე გახდა.
RUGBY.GE









