ფეხბურთი

10:27 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მიალბი“ - პატარა კლუბის დიდი ისტორია!

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი შესანიშნავი ქვეყანაა და არაერთი მსოფლიო დონის შვედი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, ამ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო პირველობა „ალსვენსკა“, ჯერჯერობით, დონით ძალიან შორსაა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატებისგან. თუმცა, ბოლო ერთი კვირაა, შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატი და მისი ახალი ჩემპიონი გუნდი, მსოფლიო სპორტული მედიის მთავარი განსახილველი საკითხი გახდა. ამის მიზეზი, ცხადია, საკუთრივ ჩემპიონი კლუბი „მიალბი“ გახლავთ, რომელიც ერთი პატარა სოფლის გუნდია. სოფლისა, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 6750 ადამიანს მოითვლის.

კლუბის სტადიონი სახელად Strandvallen გახლავთ, რომელზეც 6 700 მაყურებელი ეტევა და იგი მუდამ სავსეა მათი საყვარელი გუნდის საკლუბო - შავ-ყვითელ მაისურებში გამოწყობილი ქომაგებით. გამოდის, რომ სტადიონზე სოფლის მთელი მოსახლეობა ეტევა და სტადიონს გარეთ, დაშვების დონეზე, შეიძლება დარჩეს 50 ადამიანი.

1939 წელს დაარსებულმა „მიალბიმ“ შვედეთის უმაღლეს დივიზიონში პირველად 1980 წელს ითამაშა, მაგრამ როგორც სოფლის გუნდებს სჩვევიათ, მისი იქ ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა და შემდგომში დიდხანს მოუწია დაბალ ლიგებში ყურყუტი.

2015 წელს კლუბს ფინანსურად კრიტიკულად რთული პერიოდი ჰქონდა და პატარა სოფლის ღარიბი კლუბი საერთოდ გაქრობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა, იღბლისა და ქომაგების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა და 2019 წელს კიდევ ერთხელ უწიეს შვედეთის რანგით უპირველეს ლიგას.

2025 წლის ოქტობერში კი დადგა ჟამი სანეტარო და ბევრისთვის დღემდე დაუჯერებელი. „მიალბი“ მართლაც რომ მარათონულ ბრძოლაში შვედეთის ჩემპიონი გახდა, გაასწრო რა მრისხანე „დიურგარდენს“, „ჰამარბის“, „აიკს“ და გადამწვეტ მატჩში გასვლაზე „გოტებორგის“ 2:0 დამარცხებით ერთი წლით გაინაღდა შვედეთის უპირველესი გუნდის წოდება.

ამ ციცქნა კლუბს მისთვის ესოდენი დიდი და ისტორიული წარმატების მისაღწევად არ დასჭირვებია დიდი ფინანსური ინვესტიციები. „მიალბიში“ ფინანსური მეტ-ნაკლები სიმყარის შესაქმნელად (ელემენტარულად, ფეხბურთელების ხელფასები უპრობლემოდ რომ ეხადათ) ხელმძღვანელობამ და მართლაც რომ საოცარმა ქომაგებმა ერთობლივად შექმნეს ონლაინ-პლატფორმა „კავშირი საზოგადოებასთან“, სადაც ვისაც რა მოცულობის თანხის გაღება შეეძლო, იმდენს რიცხავდა და ეს ინიციატივა შემდგომში გაიზიარა სოფლის გარეთ მცხოვრები შვედი ქომაგების ნაწილმაც. ახლა კი, ამ კლუბისა და ამ სოფლის სახელი მთელმა მსოფლიომ იცის და არც იმის ვარაუდი უნდა გაგვიჭირდეს, რომ „მიალბის“ ქომაგი და გვერდით დამდგომი შვედეთის გარეთაც ბევრი გამოუჩნდება.

„მიალბის“ საოცარ გამარჯვებაზე ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა: „ფეხბურთში სასწაულები ყოველთვის ხდება და ამის რწმენა შვედებს მუდამ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ „მიალბი“ პატარა კლუბია და შეზღუდული რესურსები აქვს, მაინც შეძლო ჩემპიონობა. ეს უნიკალური მიღწევაა მთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ეს ბევრი პატარა კლუბისთვის გახდება შთაგონების წყარო.”

ასევე დიდმა შვედმა ფეხბურთელმა თომას ბროლინმა „მიალბის“ ფეხბურთელებს გმირები უწოდა და განაცხადა, რომ ამიერიდან იგი აღარ არის კლუბ „სუნდსვალის“ ქომაგი (სადაც დაიწყო პროფესიული სპორტული კარიერა) და სწორედ პატარა „მიალბი“ იქნება გუნდი, რომელსაც შვედეთის ჩემპიონატში უქომაგებს.

„მაილბი“ არის კლასიკური მაგალითი, თუ რა შეუძლია ერთი შეხედვით უსასოო, პატარა კლუბს საზოგადოების მხარდაჭერისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში. პლანეტამ ასევე იხილა თუ რა ძალუძს ერთიანობასა და გამბედაობას. ანუ იმ ყველაფერს, რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთს ასე ძალიან აკლია!

თეგებიმიალბი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094913